მთავარი ამოცანაა შემდეგ არჩევნებში იმ მოდელით, რომელიც გვაქვს, ხელისუფლება გავანადგუროთ - კაპანაძე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები არის შეჩერებული და ოპოზიცია ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე გადადის.

„მოლაპარაკებები არის შეჩერებული და ჩვენ ახლა გადავალთ ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე. საბოლოო ჯამში, ამ ახალი სტრატეგიის მთავარი ამოცანა იქნება, რომ შემდეგ არჩევნებში იმ მოდელით, რომელიც დღეს გვაქვს, ხელისუფლება გავანადგუროთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მოდელის მინუსი არის ის, რომ გამარჯვებული პარტია იღებს აბსოლუტურ უმრავლესობას, ოპოზიცია იქნება გამარჯვებული და მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას“, – განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ გეგმებს, კაპანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ყველა იმ ნაბიჯს გადადგამს, რაც აქამდე იყო დაგეგმილი – „პარალელურად ოპოზიცია გააგრძელებს როგორც პიკეტირებას, ისე აქციებს. იქნება დიდი დემონსტრაციაც და გადაიდგმება ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იყო აქამდე დაგეგმილი“.

დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც სამომავლო გეგმების შესახებ უნდა იმსჯელონ.

მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ ოპოზიციამ გუშინვე განაცხადა, მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა.

„ჩვენ ოპოზიციას არ დაგვრჩა სხვა გზა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობაზე”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.