მითხრა, რომ ყველა პოლიციელმა, ვინც ასაყვანად მივიდა, მასთან სელფი გადაიღო | ხერხეულიძე სააკაშვილს შეხვდა

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

მან საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ასევე, მან განაცხადა, რომ აქვს მისი წერილი, რომელსაც მოგვიანებით გაავრცელებს.

„უპირველესად ჩვენი სასაუბრო თემა იყო გუშინდელი დღე. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისგანაც შეიტყო, საერთოდ რა მოხდა გუშინ და რა შედეგები დადგა. სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც გუშინ დადგა, განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის, რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო.

მე მას ვკითხე – რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილობა – ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის წარმოუდგენელი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა.

…აქ კითხვა დაისვა – ვინმე უხეშად ხომ არ ექცეოდა დაკავების დროს – მან თქვა, რომ ყველა ძალიან კარგად ექცეოდა, განსაკუთრებით ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, რადგან არაფერი უხეშობა არ გამოუვლენიათ. მან თქვა, რომ ყველა, ვინც კი შევიდა მასთან ასაყვანად, ყველამ გადაიღო სელფი სათითაოდ, პოლიციელებმა”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.


1 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.