სააკაშვილს თბილისში დასამალად ბინა 30 სექტემბერს გადასცა | პროკურატურამ პირს ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით, ე.ც.-ს ბრალდება წარუდგინა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ე.ც.-მ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ.

მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ ბინაში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, სადაც აღმოჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.

სამართალდამცველებმა ე.ც. 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, “- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ამბობენ პროკურატურაში.


1 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.