„ფესვების“ ხელმძღვანელი ბადრი დარჩიძე აცხადებს, რომ შუახევის კულტურის ცენტრიდან უთხრეს, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყო, რადგან წერილობითი მიწვევა არ მიუღიათ.
ამის შესახებ დარჩიძე „მთავართან“ სატელეფონო კომენტარში აცხადებს.
„მყავს რამდენიმე ხელმძღვანელი, მითხრეს წადიო, წამოვედი. დაბრუნდიო – დავბრუნდი.
არ ყოფილაო წერილი სათანადოდ შემოსულიო, კულტურის ცენტრში, შუახევში“, – ამბობს ის.
მისი თქმით, მან თბილისში ვიზიტზე კულტურის ცენტრს ერთი კვირის წინ მიმართა, პასუხად კი მიიღო, რომ თუ შესაბამისი მოთხოვნა მოვიდოდა, პრობლემა არ იქნებოდა.
„შესაბამისი მოთხოვნა თუ მოვაო, არ არის პრობლემაო, მე მოვემზადე იმისთვის, რომ წამოვსულიყავი, ხალხი წამომეყვანა და რომ წამოვიყვანე, მერე თქვეს, რომ არ მოსულაო და… ეჭვი მაქვს, ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა კულტურის ცენტრი“, – განაცხადა მან.
შუახევის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ანსამბლის ორი წევრი გახდა ავად:
„გაოგნებული ვარ, რომ ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა. ანსამბლი ფესვები, მიუხედავად იმისა, რომ ასაკიანები არიან, არასდროს ჰქონიათ შეფერხება ღონისძიებაზე წასვლაზე, არც კონკურსზე და არც საზღვარგარეთ გასტროლზე წასვლაზე. ყოველთვის ვცდილობთ და ხელს ვუწყობთ წასვლა. წასულები იყვნენ, უბრალოდ ორი მოცეკვავე ავად გახდა, ერთი თბილისში გადავიყვანეთ მსუბუქი ავტომობილით, მეორე ბათუმში დავაბრუნეთ და სულ ეს იყო“, – განაცხადა მაია დავითაძემ.
ორბელიანების სასახლეში 14 მარტს მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
სწორედ ამ მიმართვის დროს მან აღნიშნა, რომ ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს.
„თქვენ თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რას ჰქვია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ მან არ იცის, რატომ არ ჩავიდა ანსამბლი „ფესვები“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე.