რიჟვაძე „ფესვებზე“: ანსამბლების გასტროლების გრაფიკზე არ ვფლობთ ინფორმაციას

პუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ მან არ იცის, რატომ არ ჩავიდა ანსამბლი „ფესვები“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე.

„ფესვები“ მუნიციპალურ თვითმმართველობას დაქვემდებარებული ანსამბლია და მათი გასტროლების შესახებ აჭარის მთავრობა ნაკლებადაა საქმის კურსში. როგორც მოგეხსენებათ, თვითმმართველობები დამოუკიდებელია, ამიტომ თვითმმართველობებს აქვთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, საქმის შინაარსი მე ნაკლებად ვიცი. ჩვენ ანსამბლების გასტროლების გრაფიკთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვფლობთ ინფორმაციას“, – ამბობს რიჟვაძე.

ორბელიანების სასახლეში 14 მარტს მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

სწორედ ამ მიმართვის დროს მან  აღნიშნა, რომ ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს.

„თქვენ თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რას ჰქვია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.