მიტროპოლიტ ნიკოლოზის შესახებ სიუჟეტზე ქარტიამ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს პრინციპების დარღვევა დაუდგინა

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ქარტიის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ ქარტიის პირველი – ინფორმაციის სიზუსტე და მეთერთმეტე – ფაქტის განზრახ დამახინჯება – პრინციპები დაარღვია.

ქარტიის ცნობით, მის წინააღმდეგ ორგანიზაციას მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიმართა.

„სადავო ჟურნალისტური სიუჟეტი „მღვდლების ვნებანი“, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში – „მთავარი შაბათს მიშა სესიაშვილთან ერთად” – 2020 წლის 5 დეკემბერს გავიდა. განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია, თითქოს, სექს-შოპმა მას საჩუქარი გადასცა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მხარე მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტის მხრიდან ამბის ამ ფორმით გაჟღერება ეფუძნებოდა ცრუ ბრალდებებს“, – ამბობს ქარტია.

ჟურნალისტური ქარტიიის ცნობითვე, განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.