მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ბექა ყორშიას წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადება „მთავარი არხის“ ჟურნალისტის – ბექა ყორშიას წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური სიუჟეტი „მღვდლების ვნებანი“, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში – „მთავარი შაბათს მიშა სესიაშვილთან ერთად“, 2020 წლის 5 დეკემბერს გავიდა.

როგორც ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული, განმცხადებლის თქმით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია, თითქოს, სექსშოპმა მას საჩუქარი გადასცა, სიმართლეს არ შეესაბამება. მხარე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მხრიდან ამბის ამ ფორმით გაჟღერება დისკრიმინაციულია და ეფუძნება ცრუ ბრალდებებს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი – ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე – დადასტურებული წყარო;
  • მეხუთე – არაზუსტი ინფორმაციის შესწორება;
  • მეშვიდე – დისკრიმინაცია;
  • მეთერთმეტე – ფაქტის განზრახ დამახინჯება

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.