მიუღებელია კომისიის მცდელობა, ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში - კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმაურებიან
კომუნიკაციების კომისიის მიერ უხამსობის რეგულირების მიზნით წამოწყებულ აქტივობებს და მიაჩნიათ, რომ კომისია მოქმედებს კანონის საწინააღმდეგოდ.

მათი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია კომისიის მცდელობა, შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია და ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, ვინაიდან მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. მათი შეფასებით, ასეთი ფაქტის დაშვებით სახეზე იქნება მედიის შინაარსობრივი კონტროლი, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა.

როგორც კოალიცია აცხადებს, საქართველოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო პრაქტიკის დამკვიდრება წარმოადგენს ცენზურის პირდაპირ საფრთხეს.

„კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე სადავო განხილვა:

► ამჟამად სადავოა 2020 წლის 12 დეკემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის” გადაცემაში „შაბათის მთავარი” გასული სიუჟეტი. მასალა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას შეეხებოდა, რომელშიც ჟურნალისტი ბექა ყორშია პლენარულ სხდომაზე შენობაში გადაღებული მასალებით, იქვე ჩაწერილი კომენტარებითა და საავტორო ტექსტით, ერთპარტიული პარლამენტის უარყოფით მხარეებზე საუბრობს. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის კადრები, რომელიც კომისიის 2020 წლის 21 იანვრის სხდომაზე სადავო გახდა, სწორედ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, საჯარო სივრცეშია გადაღებული.

წარმოების დაწყების საფუძველი კომუნიკაციების კომისიის აუდიო-ვიზუალური მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თეიმურაზ ქორიძის 2020 წლის 28 დეკემბრის სამსახურეობრივი ბარათია. აღნიშნული დეპარტამენტის შეფასებით, „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებული სიუჟეტი შეიცავს ქმედებებს (განცხადებებს) რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, აღნიშნულ არაეთიკურ ქმედებებს (განცხადებებს) არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება, და ცალსახად ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებას და ძირითად უფლებებს. შესაბამისად, იკვეთება „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის ნიშნები.

სხდომის მონიტორინგისას, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ კომისია აპელირებს 2009 წლის 10 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და სწორედ მასზე დაყრდნობით ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით მას მიანიჭა უფლებამოსილება შეაფასოს პროგრამების შინაარსობრივი მხარე (დაადგინოს შეიცავს თუ არა ის ადამიანის უფლებების ან ღირსების შემლახველ უხამსობას). კომისიის მოსაზრება არ შეესაბამება რეალობას და მეტიც, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 11 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უპირველესად გამოხატვის თავისუფლების დაცვის სულისკვეთებაზე არის აგებული. სწორედ ამიტომ გვსურს დეტალურად განვიხილოთ აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსი და სასამართლოს მოტივაცია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებები და მოტივაცია.

2007 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონისა და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა მაუწყებლის მიერ რიგი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კერძო პირების მიერ მათ გასაჩივრებას კომისიასა და სასამართლოში. სადავო ნორმები გასაჩივრდა საქართველოს კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში, რომელიც იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი მხოლოდ იმ ნაწილში დააკმაყოფილა, რომელიც ეხებოდა მაუწყებლების ვალდებულებას, არ განათავსონ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამა ან რეკლამა, რომელიც შეიცავს უხამსობას. შედეგად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე … მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „…ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

დანარჩენ ნაწილებთან მიმართებაში კი მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმებით არ ილახებოდა პირთა კანონიერი ინტერესები და კონსტიტუციური უფლებები. ამგვარი ინტერესების არარსებობის პირობებში კი, სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროება არ იდგა დღის წესრიგში.

რაც შეეხება სასამართლოს მოტივაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასამართლოსათვის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად ცნო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უხამსობის შემცველი პროგრამა ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებასა და ძირითად უფლებებს. მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამოტივაციო ნაწილში გაკეთებულ შემდეგ დასკვნაზე: „შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის, მათ შორის, უფლების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს”.

სასამართლო საუბრობს იმაზე, რომ იმ ადამიანს, რომელიც მიიჩნევს რომ დაერღვა კონსტიტუციური უფლებები ან შეელახა უფლება (უხამსი პროგრამის გადაცემით), უნდა ჰქონდეს სასამართლოსად”, – ნათქვამია განცხადებაში.