მიუღებელია პოლიციელის შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც ოპონენტები ხშირად იმეორებენ - პრემიერი

პუბლიკა

„აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ და რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული, არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი და რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომლებზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არც ერთ კომპრომისს არ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით,  ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული და თანაბრად იცავს თითოეულ მოქალაქეს. პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და სტრატეგიულ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.