მიუღებელია როგორც მსხვერპლის, ისე ბრალდებულის პირადი ცხოვრების ქექვა - ომბუდსმენი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის პირადი ცხოვრების დეტალები გაამჟღავნეს, რაც, ომბუდსმენის აზრით, მიუღებელია. ლომჯარიას თქმით, თუ უშუალოდ დანაშაულს არ ეხება საქმე, პირადი ცხოვრებით დაინტერესება არ არის სწორი.

„მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია პირადი ცხოვრების საკითხებზე და არც მივიჩნევ, რომ ეს არის ის, რაც სახალხო დამცველმა უნდა იცოდეს ან ვინმე ჩაერიოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დანაშაულს აქვს ადგილი. მე ვარ წინააღმდეგი ყოველგვარი მცდელობისა, დაზარალებული თუ ბრალდებული მხარის პირად ცხოვრებაში მსგავსი სახის ქექვისა და კონსპირაციების შექმნისა.

ასეთი თეორიები შეიქმნა როგორც დაზარალებულის წინააღმდეგ და შეიქმნა არაერთი. დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ ის თითქოს უკანონო ქმედებებს ეწეოდა. ასევე გარკვეული თეორიებია თითქოსდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მოტივით, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან არასწორი და არაეთიკური ფორმით გაჟღერებული ცალკეული პირების მხრიდან“, – თქვა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

სახალხო დამცველის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ და საზოგადოებისგან აგრესია ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ არ უნდა იყოს მიმართული.

„ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ზოგადად იყოს სოლიდარული მსხვერპლის მიმართ და როცა ქალი აცხადებს, რომ შესაძლოა იყოს დაზარალებული, ეს არ უნდა იწვევდეს აგრესიას“, – თქვა ომბუდსმენმა.