მიუხედავად გაჭირვებისა და უკიდურესი სიღარიბისა, საბედნიეროდ, ქვეყანაში ბავშვები შიმშილით არ იღუპებიან - ხუნდაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის, შრომის და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ორი ძირითადი პრობლემა აქვს – ოკუპაცია და სიღარიბე.

ხუნდაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვთა სიღარიბეზე და განცხადა, რომ ეს პრობლემა დღემდე დაუძლეველია, თუმცა, მისივე მტკიცებით, ქვეყანაში შიმშილით ბავშვები არ იღუპებიან.

„დიახ, არიან ბავშვები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, არიან ბავშვები, რომლებიც არასრულფასოვნად იკვებებიან, რაც მათი ჯანმრთელობისთვის არასახარბიელოა, მაგრამ ის, რასაც პარტიული ტელევიზიები ყოველდღიურად აკეთებენ, თითქოს ქვეყანაში ბავშვები შიმშილის გამო ყოველდღიურად იღუპებიან, რა თქმა უნდა, არის სიცრუე.

თითქოს, ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად არაფერი კეთდება ქვეყანაში, ესეც არის ტყუილი. ვიცი, ამის გამო ჩემზეც გაილაშქრებენ, ისევე, როგორც არ აპატიეს ბატონ ლადო კახაძეს თუნდაც ერთი ფაქტის დასახელების მოთხოვნა, მაგრამ სიმართლე არის ეს, რაც ბატონმა ლადომ ბრძანა: მიუხედავად გაჭირვებისა და უკიდურესი სიღარიბისა, საბედნიეროდ, ქვეყანაში დღეს ბავშვები შიმშილით არ იღუპებიან“, – განაცხადა ხუნდაძემ.