მივესალმები მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ – სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას facebook-ზე ეხმაურება.

„მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.

მე ვამაყობ მისი გაუტეხლობით, შემართებითა და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.

მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავალზე სწორებისკენ“, – წერს სააკაშვილი.


საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს, 20 თებერვალს დატოვა.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, – განაცხადა მან ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ.


ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა: მათ შორისაა: 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.