მივესალმები პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც მან დაადასტურა, რომ არ მოხდება შეწყალება - წულუკიანი

პუბლიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უართან დაკავშირებით. თეა წულუკიანის კომენტარს „რუსთავი 2“ აქვეყნებს.

„მივესალმები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ არ მოხდება მესამე პრეზიდენტის შეწყალება, ვინაიდან მას დანაშაულები აქვს ჩადენილი. ეს დადასტურებულია შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებებით და როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, დამნაშავემ უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი შეფასებები და კომენტარები ამ საკითხს აღარ სჭირდება და ყველა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებასა და ვაქცინაციის დაბალ ტემპზე ისაუბრა.

ამავე ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია. „არა და არასოდეს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.