მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას - დიპლომატები

პუბლიკა

პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები კვლავ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ მიესალმებიან საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

„მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებს მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი.

„მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების თქმით, ისინი კვლავ ყურადღებით დააკვირდებიან 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიის ლიდერები – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მან თავისი გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისა და დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მოტივით ახსნა.