მივიღე ბევრი მუქარა პირად თუ ღია სივრცეში - სოფო ჭყონია

პუბლიკა

McDonalds-საქართველოს პრეზიდენტის, თემურ ჭყონიას შვილი, სოფო ჭყონია facebook-ზე წერს, რომ ბოლო პერიოდში მაკდონალდსის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო მუქარებს იღებს.

სოფო ჭყონიას ამბობს, რომ ის, რაც ბოლო დღეებში McDonalds-საქართველოს ირგვლივ ხდება, არის „შემოგდებული და ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი”.

„მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ატეხილ და ახლაც მიმდინარე, დაუსრულებელ ამბავს, რომელიც უკვე გაცდა მაკდონალდსის თემას და პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს. მივიღე ბევრი მუქარა თუ შეურაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში. არ მაინტერესებს ვინ დაგეგმა, რა დაგეგმა და რისთვის, თუმცა ყველაფერი ნათელია. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე, არც, მით უმეტეს, მამაჩემი. თუმცა კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას და ადამიანის არჩევანის შეზღუდვის ან წართმევის უფლებას!!!!

დღესდღეობით პროპაგანდა რუსული ვიცი მარტო, რომელმაც მოიცვა საქართველო.
სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ბნელი ძალები და გაუნათლებლობა უფრო მეტია, ვიდრე საღი აზრი! ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ეს შემოგდებული, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია და მცდელობა ყურადღების გადატანისა იმ თემებიდან, რომლებიც ალბათ ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. იმედი მაქვს, მალე ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა ან განხილვის თემა ელტონ ჯონის ქორწინება იქნება”, – წერს ჭყონია facebook-ზე.


McDonalds-საქართველომ ერთ-ერთ თავიანთ საკვების პროდუქტის ყუთში, „ჰეფი მილში“ ბავშვებისთვის სასაჩუქრე ბროშურასთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გაავრცელა, კომპანიამ ბროშურის ქართულად „კოპირებას” შეცდომა უწოდა და ბოდიშიც მოიხადა.

აღნიშნული განცხადება facebook-ზე გავრცელდა, თუმცა ის მოგვიანებით აღარ იძებნებოდა. მოგვიანებით შეცვლილი განცხადება ისევ დაიდო კომპანიის facebook-კედელზე, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე;