„მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე პირად ჭრილში გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო საბოლოოდ ჩემთვის ასე საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი და შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პრესკონფერენციაზე.
ლევან ვასაძემ „თბილისი მარიოტში“ პოლიტიკური განცხადება გააკეთა, სამოქმედო გეგმა წარადგინა და მედიის შეკითხვებსაც უპასუხა.
ვასაძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა. მის მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ ერქმევა.
მისი თქმით, ქვეყანა პერმანენტულ კრიზისშია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და იდეოლოგიური თვალსაზრისით.
ვასაძემ თავის შეხედულებებზე ისაუბრა, თუ რატომ არის ქვეყანა ამგვარ მდგომარეობაში და ასევე – გზებზე, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან.
„მე შორს ვარ იმ ამპარტავნებისა და კადნიერებისგან, რომ ერთ რომელიმე პიროვნებას, ჩემი თავის ჩათვლით, შეუძლია ამ ყველაფრის აღმოფხვრა. ამ მდგომარეობიდან, რომელშიც ყველა ჩაცვენილები ვართ, ჩემი აზრით, ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ და მე მოგახსენებთ, ჩემეულ შეხედულებებს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ქაოსი, ერთმანეთის სიძულვილის, უიმედობის, უსამართლობის, უკანონობის, შიშის ატმოსფერო დასრულდეს და ქვეყანა საბოლოოდ გავიდეს იმ ტრაექტორიაზე თავისი განვითარებისა, რომელსაც ის იმსახურებს“, – განაცხადა ვასაძემ.