ტრაბახით არ ვამბობ, ცოტა რამე გამეგება ეკონომიკასა და მესაქმეობაში - ვასაძე

პუბლიკა

ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ დღეს  „თბილისი მარიოტში“ პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მან სამოქმედო გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტზე „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან ხელმოწერა.

ის ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მოხდა ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და შემცირება.

„აწი თუ ეს დოკუმენტი განხორციელდა და ძალაში შევიდა, ამ დოკუმენტის მიღების შედეგად ჩვენს ქვეყანას მისი ისედაც შევიწროებული, შეზღუდული, მყიფე და მცირე სუვერენიტეტი თითქმის აღარ რჩება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აწი ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს, როგორ იმუშაოს ცესკომ და როგორ დათვალოს ხმები. ის ვეღარ წყვეტს, ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა, უცხოელების ჩარევის გარეშე. ის ვეღარ წყვეტს, როგორ ამუშაოს ანტიკონსტიტუციური ინსტიტუტები და სტრუქტურები თავის შიგნით. ეს სამივე გახლავთ, ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტისათვის საკვანძო, ფუნდამენტალური საკითხები და გაქარწყლება,  ფრაგმენტაცია … როგორც არ უნდა გვიხსნიდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომ ეს ხდება საუკეთესო სურვილებით, რომ ჩვენ დაგვეხმარონ ამ მიმართულებით, ეს ნიშნავს აუცილებლად ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო შემცირებას.

ამის სანაცვლოდ, [თუმცა მე მიმაჩნია რომ სუვერენული სახელმწიფოს გადმოსახედიდან და თვალსაწიერიდან ამის სანაცვლოდ არაფერი არ არსებობს] ჩვენ უბრალოდ მივიღეთ კიდევ 400 მლნ ევრო ვალი, რომელსაც ეს არაეფექტური პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეჭამს ერთ-ორ თვეში, თუ უკვე არ შეჭამა და შეატოვებს ამ გაზრდილ ვალს ჩვენს ქვეყანას. ვალი საქართველოსი მისულია საგანგაშო აღარ, კატასტროფულ ნიშნულებამდე.  იმ ციფრებიდან გამომდინარე, რაც მე ვნახე და მე ცოტა რამე გამეგება, ტრაბახით არ ვამბობ, ეკონომიკაში და მესაქმეობაში. მე ვარ, არ მინდა ახლა ხმამაღალი ეპითეტების გამოყენება, მაგრამ მე ვარ, პრაქტიკულად, შოკში, რადგან საქართველოს ვალი შეფარდებული მშპ-სთან ნამდვილად აარტყამს 70%-საც. ეს კი ჩვენისთანა მყიფე და სუსტი ეკონომიკის პირობებში თითქმის გარდაუვლად ნიშნავს, რომ ჩვენ გვამზადებენ ე.წ. ბერძნული სცენარისთვის. იცით, ალბათ, ხომ, რა არის ბერძნული სცენარი? როცა ქვეყანა კოტრდება საგარეო ვალების გამო.