„მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩინეთიდან მომდევნო რეისების შესახებ“ – ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები გადაიდო და დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას მომდევნო რეისების შესახებ.

„ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპზე გადადებულია. დღეს კიდევ გვექნება შეხვედრა, უკვე მაღალ დონეზე, რომელზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების შესახებ“, – განაცხდა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა შეზღუდონ მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით, თუმცა, ამბობს, რომ ყველა პრევენციული, საჭირო ღონისძიება გატარებულია.

„ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა შეზღუდონ მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით. ჩვენი საჰაერო მიმოსვლა ასევე არის კონტროლის ქვეშ. გვაქვს ინფორმაცია ყველა ავიახაზიდან, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ ფრენას. ვიცით, რომელი მგზავრი რომელი ლოკაციიდან იწყებს მგზავრობას და შესაბამისად, ყველა პრევენციულ, საჭირო ღონისძიებას მივმართავთ“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია  3000-მდე ადამიანი, –  BBC-ის ცნობით,   44 შემთხვევა აღინიშნა ჩინეთის საზღვრებს გარეთ,  ტაილანდის, აშშ-ისა და ავსტრალიის ჩათვლით.

ჩინეთის გარდა, სიკვდილის შემთხვევა არსად არ დაფიქსირებულა.


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „კორონავირუსის“ გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ადგილზე მედიკოსები მგზავრებს როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.