დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და ამასთანავე თვითმმართველობის ორგანოებშიც იწყებს მუშაობას.
პარტიის ლიდერი გიორგი გახარია X-ზე წერს, რომ მიღებული გადაწყვეტილება „პრინციპული და გააზრებულია“ და მათი მიზანია, პოლიტიკური სივრცის დაბრუნება და საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლაა.
„დღეს ჩვენ, პარტიამ საქართველოსთვის, მივიღეთ გააზრებული და პრინციპული გადაწყვეტილება, მივიღოთ ჩვენი მანდატები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ასევე პარლამენტში, რათა დავიბრუნოთ პოლიტიკური სივრცე და ვიბრძოლოთ საზოგადოებრივი აზრისთვის.
2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების და 4 ოქტომბრის ე.წ. „მშვიდობიანი გადატრიალების” პროვოკაციის მცდელობის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური ასპარეზი, დაუცველი დატოვა საქართველოს მოქალაქეები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პროპაგანდისა და რეპრესიების წინაშე, გააძლიერა მისი ავტორიტარული მმართველობა და გააღრმავა რადიკალიზაცია.
ახლა, ჩვენ ყველამ ერთად, უნდა მოვიგოთ ქართველი ხალხის გული და გონება, რათა დავიცვათ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, როგორც ამ არჩევანის ქვაკუთხედი“, – წერს X-ზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.
საგაზაფხულო სესიის დახურვამდე „არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის“ საბაბით უფლებამოსილება გახარიას პარტიის 12 დეპუტატს შეუწყდა. მოგვიანებით „ოცნებამ“ 12 დეპუტატის ადგილმონაცვლეების მანდატები ცნო.
ესენი არიან:
- გელა აბულაძე
- ჯემალ ანანიძე
- ქეთევან ბაკარაძე
- რუსუდან თევზაძე
- მალხაზ თორია
- შალვა კერესელიძე
- სალომე კობალაძე
- გიგა ფარულავა
- ვიკა ფილფანი
- გიორგი შარაშიძე
- თამარ ხვედელიანი
- სოფო ხორგუანი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გახარიას პარტია თბილისის საკრებულოში ვერ მოხვდა, ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში 3,6% პროცენტი მოიპოვა და 4%-იანი ბარიერი გადალახა.