მივიღეთ გადაწყვეტილება, 2024 წლიდან არჩევნები ელექტრონული ფორმით ჩატარდეს - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან არჩევნები ელექტრონულად ჩატარდეს.

ირაკლი კობახიძეს ბრიფინგზე არ დაუზუსტებია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება თუ არა უკვე ელექტრონული ფორმით.

როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, ეს იქნება საარჩევნო რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მისივე თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვას შეეხება.

„შესაბამისი რეფორმის გასატარებლად საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.  ის უახლოეს მომავალში შეიმუშავებს კანონპროექტების პაკეტს, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება.

სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ.

გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ.

კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით იწარმოებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით.

„ჩვენს ინიციატივას უახლოეს დღეებში მიეცემა კანონპროექტის სახე, რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობასთან, ცესკოსა და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები საარჩევნო უბნების ხმის მიცემის აპარატურით აღჭურვისათვის”, – განაცხადა კობახიძემ.