„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისათვის“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას. იმისთვის, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით კომისიის დასკვნას. ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონი დროულად შეფასდეს სამართლებრივად და დაჩქარდეს პროცესი და არ მოხდეს ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, წელიწადზე მეტი გაიწელა დასკვნის მიღება“,- განაცხადა მდინარაძემ.
22 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, ევროკავშირის წარმომადგენლობის მოსაზრება, რომ „დეოლიგარქიზაციის“ კანონის მიღებამდე უნდა იყოს განხილული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა.
იქამდე ევროკავშრის წარმომადგენლობამ საქართველოში მოკლე კომენტარი გაავრცელა „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტთან დაკაშირებით. მათი შეფასებით, ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.