დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებამდე უნდა შესრულდეს ვენეციის კომისიის დასკვნა - ევროკავშირი

პუბლიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს აქვეყნებს.

„დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა, “- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ მოკლე კომენტარში.

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტს მეორე მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

კანონპროექტი განსაზღვრავს პირის მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აქვს თუ არა მას მნიშვნელოვანი გავლენა მასმედიაზე; მონოპოლისტურ საქმიანობას; ასევე განისაზღვრება, რა რაოდენობის თანხას უნდა ფლობდეს ის. ამ კრიტერიუმებიდან სამი არის საკმარისი, რომ პირი მიჩნეული იქნეს ოლიგარქად.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, უკრაინული მოდელი ქართულ რეალობას ვერ ერგება და თუ კანონი არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ის არაეფექტური იქნება. ოპოზიციონერები მიუთითებენ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის სახელია მოხსენიებული.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა დღეს ისაუბრეს.