მივმართავ ყველა საელჩოს, მიიღეთ ზომები, ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია - ხოშტარიას დედა

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე  საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს მიმართავს, რომ სასწრაფოდ მიიღონ ზომები, რადგან ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია.

„ძალიან ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან, რადგან კიდევ მგონია, თქვენ, ვგულისხმობ ხელისუფლებას, სინდისზე ვეღარ ვიტყვი, კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის, ნასახი. თქვენ არ გაქვთ უფლება, საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. არ გაქვთ უფლება, მოკლათ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია. ჩემი შვილი, რომელიც ყველამ იცით, არის სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი.

მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია, რომელიც თავს წირავს საქართველოსთვის, საქართველოს ყველა მოქალაქის გულისთვის. თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს. ერთი პატარა ნაპერწკლით მჯერა, რომ გონს მოხვალთ. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, გაფრთხილებთ, არ გაქვთ უფლება ,მოაწყოთ 37 წელი 21-ე საუკუნეში. მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი, თავს ვიკავებ”, – განაცხადა გუნცაძემ.

ელენე ხოშტარია პარლამენტში მე-17 დღეა, შიმშილობს. მან დღეიდან მედიკამენტოზურ მკურნალობაზეც უარი განაცხადა, სანამ მესამე ეპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.