„მივმართავთ მინისტრს, ხვალ 3 საათის შემდეგ შემოვალთ პირდაპირ თქვენს კაბინეტში" | დევნილების აქცია

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროსთან სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა აქცია კვლავ გამართეს. როგორც „პუბლიკასთან“ მათი წარმომადგენელი თამარ საუთიევა ამბობს, სამინისტრომ მათი მოთხოვნა, სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ არ დააკმაყოფილა. ის ამბობს, რომ იურისტისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლობით სამუშაო ჯგუფის შექმნა სამართლებივი გარანტიების მისაღებად უნდათ, თუმცა სამინისტროსგან უარი მიიღეს.

„მათ შენადგენლობა დაგვიწუნეს. გვითხრეს, რომ ვერ შეგვხვდებინ სხვა პირებთან ერთად. ისინი მზად არიან მხოლოდ ჩვენთან შესახვედრად, ანუ მხოლოდ „ქართლში“ მცხოვრებლებთან შესახვედრად, რაზეც ჩვენ ბუნებრივია, ვერ დავთანხმდებით იქიდან გამომდინარე, რომ უკვე სამუშაო ფორმატი გულისხმობს, რომ კონკრეტულ სამართლებრივ გარანტიებზე უნდა ვიმსჯელოთ და ბუნებრივია, ყავაზე არ ვხვდებით ერთმანეთს. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ გვაქვს მზადყოფნა შეხვედრის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ ეს შეხვედრა იყოს სამუშაო ფორმატის, იყოს კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული”, – ამბობს ის.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ესმა ხორავა ამბობს, რომ პასუხს ხვალ 3 საათამდე დაელოდებიან და შემდეგ „პირდაპირ მინისტრის კაბინეტში შევლენ”.

„მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, რომ ხვალ 3 საათამდე ველოდებით თქვენს პასუხს. ხვალ, 3 საათის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატთან და ჩვენს იურისტთან ერთად შემოვდივართ პირდაპირ თქვენს კაბინეტში. კმარა სიცრუე, კმარა ჩვენი აგდება და კმარა ჩვენზე ასეთი სიცრუის ლაპარაკი.

ნუ დაგვიყენებთ აქ დაცვას, თავისუფლად შემოგვიშვით. ჩვენც ისეთივე მოქალაქეები ვართ, როგორც თქვენ.

ჩვენი შეხვედრის მიზანია ის, რომ რა პასუხსაც ჩვენ ველოდებოდით, არ მივიღეთ ის პასუხი. ჩვენი მიზანია, მოხდეს ჩვენი ერთიანი გაყვანა, რასაც ვითხოვდით ამდენი ხნის განმავლობაში, ფართებით დაკმაყოფილების საფუძველზე. ნუ მანიპულირებენ ათასი სისულელეით“, – ამბობს ხორავა.


როგორია დევნილების წინადადება:

1 – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უმოკლეს ვადაში, თბილისში, უკვე აშენებულ კორპუსებში მოახდინოს ბინების შესყიდვა სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა მოსახლისთვის და გადმოგვცეს. ან

2 – შეიქმნას რეალური მექანიზმი, რომ დევნილებმა შევძლოთ ბინების შესყიდვა, რისთვისაც საჭიროა შემდეგი:

ა) ბაზარზე ბინის საფასურის მოკვლევის საფუძველზე, კვადრატული მეტრის ფასი გაიზარდოს მინიმუმ 650 დოლარის ეკვივალენტამდე ლარში;

ბ) თანხა ჩაირიციხოს ბინის მიმღები დევნილის ანგარიშზე და გაიყინოს შეძენამდე.

აღნიშნულის განსახორციელებლად, ისინი სამინისტროს სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობენ შემდეგი შემადგენლობით: სანატორიუმ „ქართლის“ 4 მცხოვრები, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი, იურისტი.