სანამ არ გვექნება სამართლებრივი გარანტიები, აქციები გაგრძელდება – დევნილები მინისტრის განცხადებაზე

პუბლიკა

სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში დევნილების ბინებით უზრუნველყოფის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლების დღევანდელი განცხადებების მიუხედავად, საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ არ ექნებათ სამართლებრივი გარანტიები, რომ მათი დაპირებები შესრულდება.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება გადადგამს პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენი მხრიდან იქნება პოზიტიურად აღქმული და შეფასებული. რაც შეეხება განცხადებას, სანამ ჩვენ არ მივიღებთ სამართლებრივ გარანტიებს, მანამდე გამიჭირდება, რომ შევაფასო მიმდინარე პროცესები. ძალიან კარგია, თუ აიღებენ პასუხისმგებლობას და აღასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, დაიწყება მოლაპარაკებები და გადმოგვეცემა ბინები, ჩვენი მოთხოვნაც სწორედ ეს არის, მაგრამ ჩვენთან არანაირი შეხვედრა არ მომხდარა, ჩვენთვის არ გაუცნიათ დეტალური სამოქმედო გეგმა, ჩვენ არ მოგვიღია რაიმე სამართლებრივი გარანტიები, შესაბამისად, სანამ არ გვექნება სამართლებრივი გარანტიები, იქამდე, რასაკვირველია, ჩვენი საპროტესტო აქციები გაგრძელდება და  ჩვენი მოთხოვნები არ მიიჩნევა დაკმაყოფილებულად, მხოლოდ სიტყვებზე ვერავის ვერ ვენდობით როგორი მაღალი რანგისაც არ უნდა იყოს“, – უთხრა „პუბლიკას“ დევნილმა თამარ საუთიევამ.

დევნილებმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან კიდევ ერთი აქცია გამართეს და განცხადებაც შეიტანეს. თამარ საუთიევა ამბობს, რომ მათი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ მათთვის შეისყიდოს ბინები და გადასცეს.

„55 დოლარად შეისყიდის, თუ ორ ლარად, ჩვენთვის მნიშვნელობა არ ექნება, მთავარია, დაკმაყოფილდეს ის პირობები, როგორ ბინებსაც დევნილებს სთავაზობენ, მაგრამ ამავდროულად გვესმის, რომ ეს პროცესი შეიძლება, დროში გაიწელოს. ამ დროს ჩვენ ვცხოვრობთ სიცოცხლისთვის საშიშ შენობაში, ამიტომ ვთავაზობთ მეორე გამოსავალსაც.

ჩვენი მეორე მოთხოვნაა, რომ თუ მათ არ შეუძლიათ, თავად შეიძინონ უკვე აშენებულ კორპუსში ბინები, ამ შემთხვევაში ჩვენს ანგარიშზე ჩაირიცხოს თანხა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საბაზრო ფასთან, გაიყინოს თითოეული ჩვენგანის ანგარიშზე და როდესაც ჩვენ შევისყიდით ბინას, ეს თანხა განაღდდეს.“

მისივე თქმით, კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც სამინისტროში შეტანილ განცხადებაშია ასახული, სამუშაო ჯგუფის შექმნას ეხება.

„ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოგვეწოდოს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც ჩვენ გვეხება და გვქონდეს სამართლებრივი გარანტიები, ვიფიქროთ, რომ ჩვენი მოთხოვნები კმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ბუნებრივია, გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს, რადგან სასწორზე დგას ადამიანების სიცოცხლე.“

მისივე  თქმით, ჯერჯერობით, მათ განცხადებაზე სამინისტროს მხრიდან კომუნიკაცია არ ყოფილა. ისინი გეგმავენ ხვალ დღის ბოლომდე დაელოდონ სამუშაო ჯგუფის ფორმირებასთან დაკავშირებით სამინისტროსდან პირველ კომუნიკაციას, შეხვედრის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. თუკი სამინისტროდან ამგვარი კომუნიკაცია არ იქნება, დევნილები ოთხშაბათიდან, 26 იანვრიდან საპროტესტო აქციებს განაახლებენ.

დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი კრიტიკული მდგომარეობის გამო, სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით, მათ მოიძიეს მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, რომ არსებული ფასების ფარგლებში ჩაერთვნენ გამოცხადებულ კონკურსში. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ამ ბინებით მოსახლეობას დააკმაყოფილებენ.

„დავადასტურებ, რომ დევნილთა სააგენტომ მოიძია ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სხვადასხვა ბინა, სადაც ჩვენ კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს ვთავაზობთ ქირით გასვლას. მშენებლობების დასრულებამდე, მათ იქ ცხოვრება შეეძლებათ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ყველა შესაძლო რესურსს ვიყენებთ და უახლოეს პერიოდში კონკრეტული ხელშესახები შედეგი გვექნება“, – განაცხადა აზარაშვილმა.

განცხადება გაავრცელე ასევე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, სადაც ნათქვამია, რომ „სანატორიუმ ,,ქართლის” შენობიდან დევნილი ოჯახების გამოყვანის და მათი უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით, დევნილთა სააგენტომ გადადგა შემდეგი ქმედითი ნაბიჯები:

● დევნილ ოჯახებს, სააგენტო ბინის მოძიებაში დახმარებას და ქირით დაუყოვნებლივ გადაყვანას სთავაზობს;

● ქირასთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება ერთწლიანი ქირის გადახდის შესახებ;

● სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს;

● მიმდინარე მენაშენეთა კონკურსის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მენაშენეთა ასოციაციასთან, სამშენებლო კომპანიებთან და ამ პროცესის შესახებ, ყოველკვირეული ანგარიშის სახით, წერილობით ეცნობება დევნილ მოსახლეობას.