მივმართავთ პრემიერს, სიძულვილის გაღვივების ნაცვლად აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს - Tbilisi Pride

პუბლიკა

Tbilisi Pride საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებით, დემოკრატიული მმართველობა უმცირესობების დაცვასაც გულისხმობს, პრემიერ-მინისტრს კი, როგორც ჩანს, დემოკრატიის იდეა „უკიდურესად პრიმიტიულად ესმის“ და ტოლობის ნიშანს სვამს მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს შორის.

Tbilisi Pride მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილი, თავი დაანებოს საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება, აიღოს პასუხისმგებლობა ქვიარ თემის, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე და დატოვოს თანამდებობა.

„უმნიშვნელოვანესია, გვახსოვდეს, რომ ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა 5 ივლისს მომხდარი ძალადობა.

ჩვენ სისტემატურად ვაწვდიდით მათ ინფორმაციას სიძულვილის ჯგუფების ორგანიზებაზე, ვაფრთხილებდით დაანონსებული ძალადობის შესახებ, ვთხოვდით, მიეღოთ პრევენციული ზომები, რომ თავიდან აგვერიდებინა 2013 წლის მსგავსი არეულობა თბილისის ქუჩებში, შევთავაზეთ ღირსების მარშის ალტერნატიული გეგმაც.

ნაცვლად ამისა, მივიღეთ დახურული ალტერნატიული ლოკაციის დაპირება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების პრინციპებს. 4 ივლისის საღამოს შემდეგ კი, მიუხედავად შეთანხმებისა შემდგომი სამუშაო პროცესის შესახებ, შსს-მ ჩვენთან კომუნიკაცია შეწყვიტა.

ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც უკიდურესად პრიმიტიულად ესმის დემოკრატიის იდეა, გვსურს განვუმარტოთ, რომ დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, რომელშიც დაცული და გარანტირებულია უმცირესობის უფლებები, განურჩევლად მათი რასის, ეთნოსის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა!

5-6 ივლისს მთელმა მსოფლიომ იხილა ის ჰომოფობიური გარემო, რომელიც ქვიარ ადამიანებისთვის ყოველდღიურობაა. სწორედ ქვიარ ადამიანების მოუთოკავი სიძულვილი, წახალისებული და ინსტრუმენტალიზებული ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ, ამოძრავებდათ ადამიანებს, რომლებიც ღირსების მარშის ორგანიზატორებს მთელი დღის განმავლობაში დაგვდევდნენ ქუჩებსა და ოფისებში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და არბევდნენ „თბილისი პრაიდისა” და მოძრაობა „სირცხვილიას” ოფისებს.

მათი მთავარი სამიზნე სწორედ „თბილისი პრაიდი” და თანასწორობისთვის ბრძოლაში ჩვენი პარტნიორი მოძრაობები იყვნენ. უმნიშვნელოვანესია, ამ მძლავრ სამოქალაქო ბრძოლაში არ გაქრეს ქვიარ თემის ადგილი, ჩვენი ბრძოლა ღირსეული ცხოვრებისთვის და მკაფიოდ მოინიშნოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ჰომოფობია.

სამწუხაროდ, ამ მართული და მიზანმიმართული ძალადობის შედეგად, მიმდინარე დღეებში, თბილისის ქუჩებში კვლავ გრძელდება თავდასხმები არამხოლოდ ქვიარ ადამიანებზე, არამედ ყველა მოქალაქეზე, ვინც სიძულვილის ჯგუფების „სტანდარტს” ვერ აკმაყოფილებს.

აუცილებელია, საზოგადოებამ გადაიაზროს სიძულვილი ქვიარ ადამიანების მიმართ და გახდეს ჩვენი აქტიური მოკავშირე იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საჯარო სივრცეში ღიად და უსაფრთხოდ არსებობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 5 ივლისს სამოქალაქო საზოგადოების მხარდამხარ, წინა ფლანგზე იბრძოდნენ მედიის წარმომადგენლები, ისინი იცავდნენ ჩვენს უფლებებს და ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის სიძულვილის რეალური სახე ეჩვენებინათ.

გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის, გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ თავისუფალ მედიას და თითოეულ ჟურნალისტს, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ყოველთვის ვიდექით და ვიდგებით მედიის და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის იბრძვის!

დასასრულს, კვლავ მივმართავთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ საზოგადოების მოტყუების, შუღლისა და სიძულვილის გაღვივების ნაცვლად, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე, ქვიარ თემის წევრებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე გამოცხადებულ ნადირობაზე და დატოვოს თანამდებობა!“ – ნათქვამია Tbilisi Pride-ის განცხადებაში.