მივმართავთ პრეზიდენტს, შეგვხვდეს, მას ვთხოვთ გვარამიას შეწყალებას - ჟიჟილაშვილი

პუბლიკა

სხვადასხვა ტელევიზიის მენეჯერები და ჟურნალისტები ამერიკის საელჩოში შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ დახურული შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ ყველა შესაძლო გზას გამოიყენებენ ნიკა გვარამიას ციხიდან გასათავისუფლებლად.

„ტელეკომპანია პირველის“ დირექტორმა, ვახტანგ წერეთელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა შესთავაზა.

„თუ ქალბატონ პრეზიდენტს ექნება სურვილი, ჩვენი წუხილი მოისმინოს, მე მზად ვარ, შევხვდე მას, ავუხსნა, მოვუყვე ჩვენი წუხილი. საჯაროდ მივმართავ, თუ ექნება სურვილი, შევხვდები“, – განაცხადა ვატო წერეთლმა.

„ფორმულას“ ტელეწამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ნიკა გვარამია პრეზიდენტის შეწყალების წინააღმდეგია, ისინი ამ შესაძლებლობას მაინც გამოიყენებენ და ზურაბიშვილს მიმართავენ.

„ჩვენ მოვსინჯავთ ყველა რესურსს, რომ ნიკას დავეხმაროთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ნიკა დროზე დაუბრუნდეს ტელევიზიას.  ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ნიკა გვარამიას არ აქვს სურვილი, ვინმეს სთხოვოს შეწყალება, მაგრამ ამას გავაკეთებთ ჩვენ.  ჩვენ აუცილებლად უახლოეს საათებში მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ დაგვდოს პატივი და შეგვხვდეს და ჩვენ მას ვთხოვთ, გამოიყენოს უფლება ნიკა გვარამიასთან შეწყალებასთან დაკავშირებით. ნიკამ ითხოვა, რომ ეს არ გაგვეკეთებინა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადა, რომ ელჩი დეგნანი საქმის დეტალებზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სრულად ინფორმირებულია. ჟიჟილაშვილის აღქმით, ელჩის მხრიდან მედიას აქვს მტკიცე მხარდაჭერა.

„იმაზე მეტი დრო დაჰყო მან ჩვენთან, ვიდრე გათვალისწინებული იყო, სავარაუდოდ, გადადო რაღაც შეხვედრები, არც ერთი დეტალი არ დაგვიტოვებია, რაზეც წინასწარ ვიფიქრეთ, რომ სათქმელი იყო. ყველაფერი ვუთხარით, რასაც ვფიქრობდით, ყველასა და ყველაფერზე“, – განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

„მთავარი არხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ნიკა გვარამიას პოზიციის გათვალისწინებით „მთავარი არხი“ პრეზიდენტს შეხვედრას და შეწყალებას არ შესთავაზებს, თუმცა ის ამბობს, რომ სხვებს ამ უფლებას ვერ შეუზღუდავენ.

„პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს ჩემზე არაფერი სთხოვოთ“ – ნიკა გვარამიამ ეს განცხადება 11 მაისს, სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.