„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან არის გაფორმებული“ - ელისაშვილი

პუბლიკა

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაასაჯაროონ ხელშეკრულება, რომელიც მათ ერთ-ერთ არაბულ კომპანიასთან გააფორმეს.

„კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობისგან ძალიან მარტივ რამეს ვითხოვთ, გაასაჯაროონ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ არაბულ კომპანიასთან გააფორმა. ხელშეკრულება ითვალისწინებს 9 მილიონი კვ მეტრი ქართული მიწა-წყლის [კრწანისის ტყე-პარკში და გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე] არაბებისთვის გადაცემას. ეს ასევე შემდგომში გულისხმობს ამ ორ ლოკაციაზე, კრწანისსა და გონიოში ორი არაბული ქალაქის მშენებლობას. სიტყვა-სიტყვით ითქვა ამ არაბული კომპანიის წარმომადგენლის მიერ, რომ აშენებულ ქალაქებში ქონების მინიმუმ 60% უცხოელებზე გაიყიდება“, – ამბობს ელისაშვილი.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ცნობით, Emaar ჯგუფში შემავალი კომპანია Eagle Hills თბილისსა და გონიოში 6 მილიარდამდე დოლარის დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„მივმართავთ საქართველოს მთავრობას და კობახიძეს, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან არის გაფორმებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ხელშეკრულებაში ძალიან ბევრი ანტისახელმწიფოებრივი რამ წერია. თუ ეს ასე არ არის, რატომ დუმს მთავრობა, რატომ არ ასაჯაროებს ამ კონტრაქტს? მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფერასთან“, – ამბობს ელისაშვილი.

28 ოქტომბერს ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ” და პარტიამ არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროება მოითხოვა.

3 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იაფფასიანი ქსენოფობია“ უწოდა EMAAR-ის ინვესტიციაზე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს.