მიწის ეს ბლოკი აუცილებლად ჩამოვა - ლაშა სუხიშვილი

პუბლიკა

ვაშლიჯვარში ნუცუბიძის ფერდობებთან გეოლოგები და სეისმოლოგები მეწყრული პროცესებს შესაფასებლად იმყოფებიან.  დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი აცხადებს, რომ საკმაოდ დიდი ბლოკური მეწყერია. მისი თქმით, ჯერჯერობით ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ვერ მოიძებნა.

ლაშა სუხიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ადგენენ, როგორია მიწის გადაადგილების სიჩქარე. მისი თქმით, მოწყვეტილი ფერდი აუცილებლად ჩამოვა.

„ვნახეთ ის, რომ არის ამ ადგილისთვის საკმაოდ დიდი ბლოკური მეწყერი ამ ადგილისთვის. მეორე მომენტია აქ, გამოსავალი ვერ ვნახეთ. ვიზუალურად რაც ჩანს, მიწის ეს ბლოკი აუცილებლად ჩამოვა. ეგ არ არის მთელი ამბის დასასრული, იმიტომ, რომ ამას გაგრძელება ექნება. ზემოთ და გვერდით არსებული მეზობელი ფერდობების სახით. რამდენად აქტიურია ეს ფერდობები ამასთან დაკავშირებით მიდის ახლა მუშაობა., რამდენია რომ დავადგინოთ გადაადგილების სიჩქარე, თუ საერთოდ გადაადგილდება დღეის მონაცემებით. დღეს თუ არ გადაადგილდება, ეს არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ ის აუცილებლად მოვა დინამიკაში“, – განაცხადა მან  „TV პირველთან“.

ჟურნალისტის კითხვაზე – როგორი სურათი შეიძლება ვიხილოთ მეწყერის ჩამოსვლის შემდეგ? – ლაშა სუხიშვილი პასუხობს, რომ საჭიროა ამის მოდელირება.

„რაც ზეპირად შეგვიძლია არის ის, რომ ეს გზა ჩაიხერგება. უფრო მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან ამას მოდელირება სჭირდება“, – განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.

სეისმოლოგ თეა გოდოლაძის თქმით,  უკვე მოწყვეტილია მასა, რომელიც ჩამოსასვლელად გამზადებულია. საუბარია დაახლოებით ნახევარ მილიონ კუბზე. მისივე თქმით, აღნიშნული მოვლენები გარემოზე არასწორი ჩარევის და ზემოქმედების შედეგია.


16 მარტს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.