მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გმობს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოში ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოთხოვა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.