მკაცრად ვგმობთ კიბერშეტევებს უკრაინის წინააღმდეგ - საქართველოს საგარეო უწყება

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველო მკაცრად გმობს კიბერშეტევებს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ.

„მსგავსი ქმედებები ყოვლად მიუღებელია და საფუძველს ქმნის სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას“, – ვკითხულობთ ოფიციალურ ტვიტში.


უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ“.

მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტებს შორისაა: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები. მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. ვებგვერდების შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის, რუკისა და ღორის თავის გადახაზული სურათები.

მომხდარს გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და აღნიშნა, რომ ის მკადრად გმობს უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში ნატო და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას კიბერთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.