„მკაცრი საპატიმრო სასჯელები, ადმინისტრაციული დარღვევისთვის ჯარიმების ზრდასთან ერთად გადაჭარბებულია" - ვენეციის კომისია

პუბლიკა

ვენეციის კომისიამ გამოსცა „გადაუდებელი” მოსაზრება „ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ ცვლილებებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში. 

ცვლილებებით, აქციის მონაწილეებს აეკრძალათ სახის დაფარვა და ლაზერის ტარება, გაიზარდა შეკრების ან მანიფესტაციის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები, 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე და სხვა.

კომისიის „გადაუდებელი” მოსაზრება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა მოითხოვა. 

ვენეციის კომისიის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტები პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე, რაც „ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მასობრივი აქციების ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით”. 

კომისიის შეფასებით, კანონში შეტანილი ცვლილებები შეიცავს არაერთ ბუნდოვან და ფართოდ ფორმულირებულ დებულებას, „რაც ხელისუფლებას ზედმეტად ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს მათ გამოყენებაში და ძირს უთხრის სამართლებრივი ჩარჩოს პროგნოზირებადობას, აზიანებს სამართლებრივ უსაფრთხოებას ძირითადი თავისუფლებების განხორციელებისას”.

როგორც კომისია აღნიშნავს, საკანონმდებლო ჩარჩოში სიცხადის ნაკლებობა ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს.

„გარდა ამისა, ცვლილებებში სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებების შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. ახალი მკაცრი საპატიმრო სასჯელები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, ჩანს, რომ გადაჭარბებულია. ამ ზომებს, სავარაუდოდ, მსუსხავი ეფექტი ექნება შეკრების თავისუფლებაზე”, – წერს კომისია.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, საკანონმდებლო ცვლილებებით შემოღებულია შეკრების თავისუფლების და სხვა ძირითადი უფლებების მრავალი შეზღუდვა, რომლებიც, ჩანს, რომ შეუთავსებელია კანონიერების პრინციპებთან, აუცილებლობასთან და პროპორციულობასთან, ამიტომ საჭიროა, ხელისუფლებამ გადახედოს მათ.

ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციებია:

  • სანქციების ხასიათისა და სიმძიმის გადახედვა;
  • მკაფიო კრიტერიუმების შემოღება, რომლებიც შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რათა ადმინისტრაციული დაკავების დანიშვნამდე განხორციელდეს ინდივიდუალური შეფასება;
  • ადმინისტრაციული დაკავების წინააღმდეგ ეფექტური პრევენციული საშუალების უზრუნველყოფა;
  • კონკრეტული ვიწრო მნიშვნელობის განსაზღვრა ლაზერის და სინათლის სხვა მოწყობილობების აკრძალვაზე;
  • პოლიციის ფორმის მსგავსი ტანსაცმლისა და ატრიბუტების სფეროს ზუსტად განსაზღვრა და ვიწრო მნიშვნელობით გამოყენება;
  • სპონტანური შეკრებების შესახებ შეტყობინების მიღების ნორმატიული წესის დადგენა.