„ოცნებას“ კანონმდებლობაში მორიგი რეპრესიული ცვლილებები შეაქვს - კანონპროექტი

პუბლიკა

მასალა განახლებულია მეორე მოსმენით პროექტში შეტანილი ცვლილების მიხედვით

„ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ კოდექსში მორიგი რეპრესიული ცვლილებების შეტანას გეგმავს.

ცვლილებებს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. მას დაჩქარებულად განიხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი პროცედურით დადგენილ სამივე მოსმენას და კენჭისყრას ერთ სასესიო კვირაში დაასრულებს.

ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, „პოლიციის შესახებ“ კანონში.

შეკრებისა და მანისფესტაციების შესახებ კანონში ცვლილება

  • მე-3 მუხლში, რომელიც განმარტავს, რა არის შეკრება და მანიფესტაცია, ჩნდება შემდეგი პუნქტი:

„სპონტანური შეკრება/მანიფესტაცია – შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო და რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო“.

  • სხვაგვარად ჩამოყალიბდა „ორგანიზატორის“ და „პასუხისმგებელი პირის“ განმარტება, კერძოდ:

გაფართოვდა ტერმინ „ორგანიზატორის“ განმარტება. ცვლილებით, „ორგანიზატორი არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი, აგრეთვე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას;

მოქმედ კანონში „ორგანიზატორი“ განმარტებულია როგორც ინიციატორის მიერ აქციის ორგანიზების ხელმძღვანელობისთვის გამოყოფილი პირი;

ცვლილების მიხედვით, „პასუხისმგებელი პირი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორი;“.

  • სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის შემთხვევაში, თუ მანიფესტაცია გზის სავალი ნაწილის შეფერხებას ითვალისწინებს, შესაძლებელია მუნიციპალიტეტის გაფრთხილება 5 დღეზე ნაკლებ დროში, თუმცა ეს უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება შეკრების ჩატარების შესახებ.
  • იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე
  • იკრძალება შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმგვარი სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება, რომლის შეფერხებაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და მნიშვნელოვნად შეაფერხებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას.

მოქმედ კანონში (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი) ეს პუნქტი მხოლოდ შენობის შესასვლელების, ავტომაგისტრალების და რკინიგზის ბლოკირებას კრძალავს.

  • ცვლილებით, ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა.

მოქმედ კანონში (მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი) ეს პუნქტი მხოლოდ შენობის მიმდებარე ტერიტორიას შეეხება.

  • ცვლილებით, შეკრების და მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისათვის.

მოქმედი კანონში ეს წესი მხოლოდ ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხებაზე ვრცელდება.

  • აკრძალვებს ემატება იმგვარ შეკრებაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყდა და ისეთი დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რომელიც საფრთხეს უქმნის აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება აქციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა აქციის ჩატარებას არ უკავშირდება;
  • ცვლილებით, გზის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ; გზის გადაკეტვის შემთხვევაში აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე და ტრანსპორტის ალტერნატიულ მარშრუტზე ზრუნვაც შსს-ს პრეროგატივა ხდება.
  • ცვლილებით, შსს ვალდებულია, დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება ან მანიფესტაცია.

მოქმედ კანონში ყველა ეს როლი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ეკისრებოდა.

მოქმედ კანონში განსაზღვრული  უფლებამოსილებები – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი პირის მიერ მანიფესტაციის შეწყვეტის მოთხოვნა, ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება შეკრების არდაშვების შესახებ – ახალი ცვლილებით, ენიჭება შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებაა გათვალისწინებული.

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

  • კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღიდან 60 დღემდე გაიზრდება.
  • კანონპროექტით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალს დაემატა:

– სამართალდარღვევის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ;

– სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ ან თანდასწრებით;

– დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

– სამართალდარღვევის ჩადენა დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მოქმედ კანონში ამ ჩამონათვალში შედის:

-მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;

– წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი ან ამ კოდექსის შესაბამისად გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა;

– არასრულწლოვნის ჩაბმა სამართალდარღვევაში;

– სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;

– სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს;

– სამართალდარღვევის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა;

  • ცვლილება ეხება წვრილმანი ხულიგნობის მუხლს (მუხლი 166)

კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

მოქმედ კანონში გათვალისწინებულია 500- დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა.

წვრილმანი ხულიგნობისთვის სახდელდადებული პირის მიერ ამ დარღვევის ხელახლა ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

მოქმედ კანონში გათვალისწინებულია ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდე ან 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.

  • ვანდალიზმი

ვანდალიზმისთვის სახდელდადებული პირის მიერ ხელმეორედ ვანდალიზმის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე.

მოქმედი კანონი 2000-ლარიან ჯარიმას ან 5 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის/შეურაცხყოფის მუხლი (მუხლი 173)

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა/სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

მოქმედ კანონში განსაზღვრულია 3000 ლარამდე ჯარიმა და 15 დღემდე პატიმრობა.

სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.

  • კანონში ჩნდება ახალი მუხლი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას შეეხება.

კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

ამ დარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

  • ცვლილება ეხება შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევას (174-ე პრიმა მუხლი)

შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-ის ნაცვლად 2000 ლარის ოდენობით.

ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე.

სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე. მოქმედ კანონში მხოლოდ 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ადმინისტრაციული შენობების, გზების და მაგისტრალების ბლოკირების ან შეკრებებზე ძალადობისკენ მოწოდების, აკრძალული ნივთების ქონის, გზის გადაკეტვის შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში კი – 15 000 ლარი ჯარიმა და 20 დღემდე პატიმრობა.

მოქმედ კანონში გათვალისწინებულია 5000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა.

ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე.

აქციაზე სახის დაფარვის და ლაზერის ტარების აკრძალვის დარღვევა, ახალი ვერსიით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ან 7 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას

გაჩნდა ჩანაწერი ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

თუ შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევის გამო სამართალდამცველმა შეკრების შეწყვეტა მოითხოვა, ასეთ შეკრებაში მონაწილეობა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

  • გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები.

კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი, რომლის საქმეც პირველი ინსტანციის განსჯადია, შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული დარღვევის ჩადენიდან/დარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. მოქმედ კანონში ეს 4 თვითაა განსაზღვრული.

  • შეიცვალა ის ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.

მოქმედი კანონით, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად. სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

„ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ცვლილებით, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევისა.

ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გარდა ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამ მუხლის მესამე ნაწილი გულისხმობს, რომ წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის დაუმორჩილებლობის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევის, იერსახის დამახინჯების გამო ჯარიმის შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება ჯარიმის სრულად გადახდიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

ამ კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებისთანავე.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები

  • ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მოქმედ კანონში ეს პუნქტი თავისუფლების აღკვეთას საერთოდ არ ითვალისწინებს.

  • 353-ე მუხლი – წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

მოქმედი კანონი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე

მოქმედი კანონი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ამ მუხლის მიზნებისათვის დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ჩაითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

  • 353-ე პრიმა მუხლს – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას ემატება პუნქტები, რომლებიც განსაზღვრავს სასჯელს ქმედების ჯგუფურად, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. 

მაგალითისთვის:

პოლიციელზე თავდასხმა ჯგუფურად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა ჯგუფურად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

  • 353-ე პრიმა მუხლს დაემატება 353-ე სეკუნდა მუხლი

საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ან საჯარო მოსამსახურეზე ან/და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის მუქარა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 

ამ ქმედების ჩადენა არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

სახელმწიფო თანამდებობის პირზე თავდასხმა მის საქმიანობასთან დაკავშირებით დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ამ ქმედების ჩადენა არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.

ამ კანონის ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე იგეგმება.

იურიდიულმა კომიტეტმა აღნიშნული ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონს სამი მოსმენით მიმდინარე კვირაში მიიღებენ. პარლამენტის მიღების შემდეგ მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს მიხეილ ყაველაშვილი. გამოქვეყნების შემდეგ ყველა ცვლილება ძალაში შევა.