„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მისი პარტია მხარს დაუჭერს გახარიას პარტიის წევრებს ოპოზიციური საკრებულოების თავმჯდომარეებად. თუმცა, მხოლოდ მაშინ, თუკი საკრებულოს ყველა საკვანძო პოზიციას ოპოზიციონერი წევრები დაიკავებენ.
„ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს, არ მოგვწონს, საერთოდ რამე გვაქვს საერთო თუ არ გვაქვს ჩვენ გახარიას პარტიასთან, მე პირადად ვთვლი, რომ საერთო არაფერი გვაქვს და არც გვექნება, მაგრამ მოსახლეობამ ასე გადაწყვიტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში და არამარტო ამ მუნიციპალიტეტებში მანდატების უმრავლესობა მიანიჭა ოპოზიციას.
მიანიჭა ოპოზიციას იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ როგორც მინიმუმ ფული აღარ მოიპაროს, კორუფციული სქემები აღარ ხლართოს – ეს არის დაკვეთა.
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია და ჩვენთვის მისაღებია, რომ იყოს, კიბატონო, შემხვედრი წინადადებით შევხვდეთ მათ, იყვნენ ისინი საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მათ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად.
მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს ძალიან კარგად, რომ საკრებულო, როგორც ასეთი, თავისი შემადგენლობით, ვგულისხმობ პოზიციებს, იყოს ოპოზიციური. საკვანძო პოზიციები დაიკავონ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა“, – განაცხადა ნიკა მელიამ „TV პირველის“ ეთერში.
მისი თმით, ოპოზიციური საკრებულო არის საზოგადოების დაკვეთა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ამიტომ, საჭიროა, რომ ისეთი საკვანძო პოზიციები, მაგალითად, როგორიცაა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, დაიკავონ ოპოზიციონერმა წევრებმა.
„მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ის პოზიტიური პროგრამა თუ პროგრამის ნაწილები, რაც გვქონდა ოპოზიციას, შევაჯეროთ და ვუპასუხოთ საზოგადოების საჭიროებას. ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება, როცა საკრებულო დაკომპლექტდება ოპოზიციური პარტიების მიერ.
ჩემთვის პირადად მიუღებელია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე იყოს ოპოზიციონერი, მაგრამ ამავე დროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ასევე დავასახელოთ სხვადასხვა პოზიციებზე“, – თქვა ნიკა მელიამ.
ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ოპოზიციურად დაკომპლექტებულ საკრებულოებში თავიანთ კანდიდატებს დააყენებენ, ხოლო მოადგილეების თანამდებობებს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შესთავაზებენ. ამით, გახარიას თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ საკრებულოებში თანამდებობები დაკომპლექტდება და კრიზისი გადაიჭრება.