მხარს ვერ დავუჭერ საახალწლო „სტრატეგიულ არაფრის კეთებას“ - მელია შიმშილობაზე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  მისი და პარტიის წევრების მიერ შიმშილობის აქციის დაწყების მიზეზებზე საუბრობს. ნიკა მელია 11 პუნქტად აყალიბებს თავის არგუმენტებს, რატომ აირჩიეს 21 დეკემბრიდან ეს გზა. მათ შორის, მისი თქმით, მათ არ აქვთ ობიექტური სასამართლო პროცესის იმედი და მოელიან, რომ ხელისუფლება ოპიზიციისა და მედიის წინააღმდეგ ზეწოლას გააძლიერებს.

მელია წერს, რომ ამიტომ საჭიროა რადიკალური, თუმცა არაძალადობრივი პროტესტი და მხარს ვერ დაუჭერს საახალწლოდ „სტრატეგიულ არაფრისკეთებას“.

„ვინც კიდევ ვერ გაიგო ამ ბრძოლის არსი:

1.სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არ მოგწონთ მისი პოლიტიკური საქმიანობა;

2. თუ რეჟიმი ბედავს პოლიტიკური ნიშნით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში აყვანას – გაბედავს ყველაფერს, დაიჭერს სხვა პარტიების ლიდერებს, მედიის მფლობელებს, ნებისმიერ ოპონენტს;

3. რომ ვიცოდეთ, რომ სასამართლო მაინც არსებობს ქვეყანაში, მართლმსაჯულების სიტყვას დაველოდებოდით. ამ ქვეყანაში ვინმეს ობიექტური პროცესის მოლოდინი რომ ჰქონდეს, რადიკალურ პროტესტს არავინ მიმართავდა;

4. მურუსიძის სასამართლო რეჟიმის მათრახია და არა სასამართლო;

5. პროტესტი არაძალადობრივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში 90-იანი წლების კატასტროფას დავუბრუნდებით;

6. არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ „ბიძინას შევეცოდებით“ – შიმშილობის მიზანი ზოგადადაც და ახლაც არის – გამოაფხიზლოს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ინდეფერენტული ძილიდან გამოიყვანოს ჩვენი საზოგადოებაც რა თქმა უნდა შიმშილობა საბოლოო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არაა საკმარისი. ეს მხოლოდ თვალსაჩინო უსამართლობის შესაწყვეტად გამოიყენება!

7. განა სხვა გზები არ არსებობს? კი არსებობს და არავისთვის აგვიკრძალია სხვა გზები გამოიყენოს – ყველამ თავის ბრძოლის გზა აირჩიოს, მხოლოდ მხარს დავუჭერ;

8. მხარს ვერ დავუჭერ საახალწლო „სტრატეგიულ არაფრისკეთებას“ და მენტორულ დაწუნებას ჩვენი პროტესტისა – პერსონალურ პროტესტს და ბრძოლას ყოველთვის აქვს დიდი მორალური ძალა!

9.არჩევნებს უარვყოფთ? არა – პირიქით მივდივართ იქეთ, რომ არჩევანის უფლება დავიბრუნოთ

10.შიმშილობით რატომ ისუსტებთ თავს? იმიტომ რომ ქვეყანაში საპროტესტო ხმა გაძლიერდეს;

11.ზოგიერთს ოპოზიციაში ყოფნა ესმის მხოლოდ როგორც კოლეგა ოპოზიციონერების კრიტიკა და მუმდივად ექსპერტული პიედესტალიდან მოგვმართავს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკის ექსპერტები და კომენტატორები, რომლებიც გარედან უყურებენ პროცესებს – ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით და ვმოქმედებთ“, – წერს ნიკა მელია.


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 21 დეკემბერს რუსთაველზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ შიმშილობის მასობრივი აქციას იწყებდნენ. პარტიის წევრებმა და აქტივისტებმა შიმშილობის აქცია კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისთან დაიწყეს.

„ეს შიმშილობის მასობრივი აქტი იქნება უვადო, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე“, – განაცხადა მელიამ.