მხოლოდ მთავრობა ვერ გაწევრდება ევროკავშირში სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და პირიქით - ბერბოკი

პუბლიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ბერბოკმა 12 პუნქტის შესულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე. და პირიქით, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება საქართველოს ხელისუფლების გარეშე ევროკავშირის წევრი“.

„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ და ასევე, შემდგომი პროცესის თვალსაზრისით. არსებობს 12 პრიორიტეტი, რათა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენთვის ყველასთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. დეტალურად ვისაუბრეთ ამაზე და ბუნებრივია, ერთობლივი მუშაობა არის აუცილებელი. გაწევრების პროცესში აუცილებელია კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტების შესრულება, დანერგვა. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე მოსმენა, ყურის დაგდება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ შორის საზოგადოებაში. ამიტომ, აგენტების კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია ამ ქვეყანაში რეფორმების გატარება, რათა ევროკავშირში შესვლა შეძლოს საქართველომ“, – განაცხადა ბერბოკმა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრება მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი, რადგან სწორედ ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა, „ევროკავშირი ძალიან განსხვავებული წევრებით ხასიათდება. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე“.

„სწორედ ამიტომ არაოფიციალური დევიზი ევროკავშირისა არის „ერთობა სიმრავლეში“. სამომავლოდ საქართველოსთან ერთად გვინდა ამის განხორციელება. ამიტომ, აუცილებელია დრო აღარ დაიკარგოს. ეს არის მომენტი ისტორიაში, როდესაც ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების საფუძველზე გავაგრძელოთ და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა მინისტრმა.