მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ფიზიკური დაპირისპირების გამო ჩაიშალა

პუბლიკა

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციის გამგეობის სხდომა დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. 

ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდებდნენ რომ თანამდებობა დაეტოვებინა, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი აპირებდა რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ვიცე-პრეზიდენტი რევაზ ლუთიძე და დაპირისპირებაც ამ ფაქტს მოჰყვა.

„როგორც ახლა ვდგავართ ერთად, ასე ვიდგებით მომავალშიც, ჩვენ გამჩერებლები არა ვართ. ვინმემ გონს მოიყვანოს, დაელაპარაკოს, რომ არ ჰქონდეს მას [ჯაჭვლიანს] ასეთი საქციელი“, – განაცხადა საქართველოს მკლავჭიდის ნაკრების მთავარ მწვრთნელმა გენადი კვიკენიამ.

ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამგეობის სხდომაზე რამდენიმე ათეულ სპორტსმენს დაცვა დახვდა, რომელიც მათ სხდომაზე არ უშვებდა. სპორტსმენებმა სხდომაზე შესვლა მაინც შეძლეს, სადაც ფედერაციის პრეზიდენტთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„ყველაფერს გვართმავევს. გამგეობაში ნიშნავს ისეთ ხალხს, ვინც მას მოუწერს ხელს, გვეუბნება, რომ წავიდეთ სასამართლოში, რომელიც ძალიან დიდხნიანი პროცედურაა და ჩვენ უკვე ვიცით ეგ“, – განაცხადა ბესიკ ლეკიაშვილმა, საქართველოს ნაკრების მკლავჭიდელმა.