„მკვლელი უკანონო ბეტონის ქარხანა საგურამოში“ - მცხეთის მერიასთან აქცია გაიმართა

პუბლიკა

მცხეთის მერიასთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მოითხოვენ საგურამოში ბეტონის დამამზადებელი ქარხნის დემონტაჟს, რადგან მათი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა, მათ ჯანმრთელობა და უსაფრთხიება რისკის ქვეშაა.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მიუთითებენ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია კერძო ბიზნესის ინტერესებს იცავს, ხალხის ინტერესის დაცვის ნაცვლად.

„უმეტესობამ იცით, თუ რამხელა უკანონობისა და განუკითხაობის წინააღმდეგ ვიბრძვით, რომელსაც სათავეში უდგას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია და რამდენიმე არაკეთილსინდისიერი, ბოროტმოქმედი, მიუხედავად არაერთი მცდელობისა წელიწადნახევარში, უკანონო მკვლელი ბეტონის ქარხანა აგრძელებს მუშაობას, მხოლოდ იმიტომ რომ „ვიღაცეებმა” მცხეთის მერიაში ასე გადაწყვიტეს და უტიფრად ამტკიცებენ, რომ ჯარიმაც გამოწერეს, დემონტაჟის ბრძანებაც გასცეს, მაგრამ რეალობა დღეს ერთია, ქარხანა წარმატებით მუშაობს, “- ნათქვამია აქციის მონაწილეების მიმართვაში.

ისინი ამბიბენ, რომ ეს არ არის მხოლოდ მათი და მათ უბანში დასახლებული ადამიანების პრობლემა.

„ხვალ შესაძლოა თქვენს ღობესაც მოაშენონ უკანონო ბეტონის ქარხანა და შემდგომ ადგილობრივმა ხელისუფალმა, რომელსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს, გითხრათ, რომ არაფერი შეუძლია. შესაბამისად, ამ საპროტესტო აქტით ვამკვიდრებთ პრეცედენტს, თუ რამხელა ძალა აქვს სიმართლეს და როგორ შეუძლია ხალხის გაერთიანება ისეთ დაუდევრობას, როდესაც მაკონტროლებელი ორგანო იქცევა როგორც მინიმუმ გულგრილად და ამ „ფეხებზე დაკიდების” პოლიტიკით მშვიდად უყურებს თუ როგორ იწამლება მისი 150-მდე მოქალაქე, იმიტომ, რომ ვიღაცამ  ჯიბე გაისქელოს.

საპროტესტო აქტის მიზანი გახლავთ ამ გაუგონარი უკანონო ქმედებების კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოტანა, რადგან სიჩუმე მათ კომფორტს უქმნით და ჰყოფნით თავხედობა დაგვემუქრონ არაერთ გზის სიცოცხლის მოსპობით.

ერთ მხარეს ვდგევართ კანონმორჩილი “ვიღაცეების” ინტერესებს შეწირული ამ ქვეყნის მოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს კორუმპირებული მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია და მათი ვებგვერდის უტიფარი დეიდა-მამიდები, “- ამბობენ აქციის მონაწილეები.

ბეტონის დამამზადებელი ქარხანა საგურამოსთან ახლოს, სოფელ ჯიღაურში დგას. 1 აპრილს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მოქმედი ბეტონის დამამზადებელი საწარმოში გამოიკვეთა რიგი სამართალდარღვევები.

დეპარტამენტის ცნობით, საწარმოში დამონტაჟებული აირმტვერდამჭერი მოწყობილობა არის გაუმართავი, საიდანაც ხდება მტვრის ნაწილაკების გაფრქვევა, რაც ვიზუალური დაკვირვებითაც ფიქსირდება.

„ატოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის გადაჭარბება შესაბამისი ექსპრეს გაზომვებით დადასტურდა. ასევე დადგინდა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამოა, “- წერია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.