მმართველი პარტია განაგრძობს „კლანის“ მხარდაჭერას, სამწუხაროა, რომ მათ ოპოზიციის ნაწილი დაეხმარა - კოალიცია

პუბლიკა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის ოპოზიციის 5 დეპუტატის მხარდაჭერით არჩევას განცხადებით ეხმაურება.

მათი შეფასებით, ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის გასაუბრებებმა აჩვენა, ისინი ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს. შესაბამისად, მათი არჩევა საბჭოში მოცემულობას ვერ შეცვლის და „კლანის“ პოზიციებს გაამყარებს.

„დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს „კლანის” მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის დეპუტატების ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდათ. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა იმდენად რამდენადაც, იგი დააზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს არჩეულ კანდიდატებს, არ აქვთ სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების რეალური პოლიტიკური ნება და ფუნდამენტური რეფორმების ხედვა“, – აცხადებს კოალიცია.

16 მაისს პარლამენტში 90-ზე მეტი ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს ბლოკი „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ფრაქციის დეპუტატებმა, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ, ასევე დილარ ხაბულიანმა და „ევროპელი სოციალისტების“ ოთხმა წევრმა.