„მნიშვნელოვანი დღეა“ – პრეზიდენტი ჩიჩილაკის საკითხზე ანთიძეს შეხვდა

პუბლიკა

პრეზიდენტი გურიაში კალანდის აღნიშვნისა და ჩიჩილაკის მომზადების წესისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭების საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, მისი ინიციატივის შემდგომში განვითარების მიზნით. ეს ეხება გურიაში კალანდობასა და ჩიჩილაკის მომზადების წესს, როგორც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში წარსადგენად საკმაოდ საინტერესო და კარგ ელემენტს.
დეტალებში გავიარეთ საკითხი, თუ როგორ უნდა მომზადდეს და  დავიწყეთ ამ საჯარო განცხადების შემდეგ ამაზე ზრუნვა. ძალიან კარგი ინიციატივაა ჩვენი იდენტობის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

ანთიძემ, როგორც თავად აღნიშნა, პრეზიდენტს გააცნო წელს დაგეგმილი სამუშაოები და მისივე თქმით, ზურაბიშვილმა გამოთქვა სურვილი, მუდმივად იყოს ჩართული პროცესებში.

პრეზიდენტმა ოზურგეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ გამოდის ინიციატივით, ჩიჩილაკსა და კალანდის აღნიშვნის წესს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.