მნიშვნელოვანია, დაელოდოთ სამედიცინო დასკვნებს - სამინისტრო კლინიკაში გადაყვანილ სამხედროებზე

პუბლიკა

თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურის საავადმყოფოში გადაყვანაზე და აღნიშნავს, რომ ის სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი გახდა.

„ამასთან დაკავშირებით გვინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში, პანდემიის პირობებში თავდაცვის ძალები, ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს როგორც ჯარში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში.

ჯარში სპეციალური ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოები და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება-მონიტორინგი.
მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, მედიამ თუ პროფესიულმა ჯგუფებმა ეს პროცესი, ან ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა და დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს.

ამბის ნაადრევი და დაუდასტურებელი გავრცელება ხელს უშლის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ემოციური ფონის ნორმალიზებას და ცალკეული უწყებების ეფექტიან საქმიანობას.
დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნებით გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტლის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.


საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ნათია მინდაძის თქმით, გუშინ მათ კლინიკაში შეიყვანეს 5 სამხედრო, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ მარნეულში რამდენიმე დღის წინ.

„ეს პაციენტები გადმოყვანილნი არიან ვაზიანის სამხედრო ბაზიდან. როგორც ანამნეზიდან ირკვევა, გუშინ აღენიშნათ ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ზოგადი სისუსტე. ველოდებით კვლევის შედეგებს. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, 3 დღის წინ ისინი იმყოფებოდნენ  და თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ მარნეულში. სამი დღეა, რაც დაუბრუნდნენ ბაზას. გუშინ საღამოდან გამოიხატა ჩივილები“, – ამბობს ექიმი.