მნიშვნელოვანია, გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს – ომბუდსმენი გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

ომბუდსმენი წერს, რომ მნიშვნელოვანია დროული, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება და ყველას თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან, ვინც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.

„ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი… ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია, გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა, ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან”, – წერს ლომჯარია.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.