"მნიშვნელოვანია, მასწავლებლის უფლებაც არ დაირღვეს" - დგებუაძე

პუბლიკა

განათლების მინისტრის ეკა დგებუაძის თქმით, სამინისტრომ შესაძლო რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებთან დაკავშირებით ორი მიმართულებით იმუშავა. მინისტრის მოადგილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დგებუაძის თქმით, თუ მასწავლებელი რისკჯგუფშია სკოლამ ამ მიმართულებითაც გარკვეული რეგულაცია უნდა გაატაროს, ან არსებითი საგანი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს.

“როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეხებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლის, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის მდგომარეობა, ეს სასწავლო პროცესთან კავშირშია. თუ ფაქტებით დადასტურდა, რომ მასწავლებელი რისკჯგუფშია, რა თქმა უნდა, სკოლამ ამ მიმართულებითაც გარკვეული რეგულაცია უნდა გაატაროს, ან არსებითი საგანი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, მასწავლებლის უფლებაც არ დაირღვეს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, კონკრეტული საგნის სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

გარდა აღნიშნული რეგულაციების დაცვისა, სამინისტროში განმარტავენ, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20% სავალდებულო სისტემატურ ტესტირებას გაივლის 2 კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.