სკოლები იხსნება – კითხვები, რომლებიც მშობლებს აღელვებთ

სალომე გორგოძე

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან  სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ 15 თებერვლიდან სწავლაღნიშნულ სამ დიდ ქალაქშიც საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

მას შემდეგ, რაც სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელების შესახებ კონკრეტული თარიღები გახდა ცნობილი, მშობლებისთვის დღის წესრიგში ბევრი კითხვა დადგა, რომელიც, ერთი მხრივ, უშუალოდ სწავლა-სწავლების პროცესს უკავშირდება, მეორე მხრივ კი – უსაფრთხოებას.

„პუბლიკა“ შეეცადა, აქტუალურ შეკითხვებზე სამინისტროსგან მიეღო პასუხი.

ერთერთი ასეთი აქტუალური კითხვაა, თუ როგორ და რა კონკრეტული ინდიკატორების საშუალებით მიიღება გადაწყვეტილება სკოლების წერტილოვანი დახურვის შესახებ?

სამინისტროში განმარტავენ, რომ წინა სემესტრში არსებული პრაქტიკის მსგავსად, იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები წესდება. სკოლას უტარდება დეზინფექცია. საჭიროების შემთხვევაში, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადადის თვითიზოლაციაში, თუ არადა  – მხოლოდ კლასი, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

გადაწყვეტილება სკოლის წერტილოვანი დახურვის შესახებ მიიღება ადგილობრივი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების რეკომენდაციის საფუძველზე.

კერძოდ, თითოეული სკოლის შემთხვევაში ეპიდემიოლოგები აფასებენ ვითარებას და ამის შესაბამისად გასცემენ კლასის ან მთლიანად სკოლის დახურვის რეკომენდაციას. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობენ როგორც კონკრეტულ სკოლაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება  ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მას შემდეგ დაუშვა მთავრობამ, რაც ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდა.

„პუბლიკა“ შეეცადა, ჯანდაცვის უწყებაში დაეზუსტებინა, თუ რა განიხილება კონკრეტულ ინდიკატორად, რამდენი % შეიძლება იყოს დადებითობის მაჩვენებელი, რომ სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება კვლავ დღის წესრიგში დადგეს, თუმცა მინისტრის მოადგილემ ჩვენს სატელეფონო ზარსა და შეტყობინებას არ უპასუხა.

ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ინდიკატორია შეზღუდვების შესამსუბუქებლად და გულისხმობს, თუ რამდენია ქვეყნის მასშტაბით ვირუსზე ტესტირებულებიდან დადებითი სტატუსის მქონე.

რა კონკრეტული წესების დაცვა მოუწევს სკოლებს და რა გეგმა აქვს სამინისტროს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად?

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში თითოეული სკოლა ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესაბამისად. ამ დადგენილი წესების დაცვის პროცესს კი სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

რა რეგულაციების დაცვა ევალება სკოლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებისას?

აღნიშნული რეგულაციების შესაბამისად, სკოლის შენობაში შესვლის წინაპირობაა თერმოსკრინინგი.

შენობაში შესვლა კი მასწავლებლის, თანამშრომლისა და ვიზიტორისათვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით; თერმოსკრინინგისას ცხელების 370С ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15-წუთიან შუალედში; მოსაცდელ სივრცეში სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში, ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ეძლევა რეკომენდაცია, მიმართოს ექიმს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად.

გარდა ამისა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს როგორც ხელის ჰიგიენისთვის საჭირო სადეზინფექციო სითხეების არსებობა, ასევე პირბადეების რეზერვი, სანიტარული წერტილები კი ყოველი დასვენების შემდეგ უნდა დამუშავდეს; სახელურები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები 3 საათში ერთხელ უნდა დამუშავდეს.

აქვე რეკომენდაციები გაცემულია სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის:

  • წინასწარ განსაზღვრეთ მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და ცვლაში მისაღები მოსწავლეების რაოდენობა ისე, რომ, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში უზრუნველყოთ არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა;

  • უზრუნველყავით მასწავლებელთა, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და მოსწავლეთა სასწავლო პროცესი წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში);

  • საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ ცვლებში სწავლებისა და მუშაობის რეჟიმი (საჭიროებისამებრ). ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება (განიავება, დასუფთავება სველი წესით – ნატრიუმის ჰიპოქლორიტით (0,1 %-ანი ხსნარით) დამუშავება) არანაკლებ ნახევარი საათისა;

  • მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი – ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება;

  • დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, სკოლა ინდივიდუალურად ადგენს სწავლის დაწყების განსხვავებულ დროებს და საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას;

მშობლებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ ცხელების ან რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვან მოსწავლე სკოლაში; სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინონ კლასის დამრიგებელს; მიმართონ ექიმს ან დაუკავშირდნენ 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

უფრო დეტალური ინფორმაცია თუ რა რეგულაციები უნდა დაიცვან სკოლებმა  დასუფთავებისა და ჰიგიენისთვის, სკოლის ღია და დახურულ სივრცეებში გადაადგილებისათვის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ტრანსპორტირებისა და კვების ობიექტებისათვის და ა.შ. იხილეთ დოკუმენტში. 

მასწავლებელთა ტესტირება

გარდა აღნიშნული რეგულაციების დაცვისა, სამინისტროში განმარტავენ, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20% სავალდებულო სისტემატურ ტესტირებას გაივლის 2 კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლაში დასაქმებულმა ყველა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას.

როგორ მოხდება მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში?

სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლა ინდივიდუალური საჭიროებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე დაგეგმავს სასწავლო პროცესს. კერძოდ, ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

სკოლას შეუძლია, თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, სკოლამ დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში.

სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა

გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთსა  და გორში მდებარე საჯარო სკოლებში პირველი სემესტრის მსგავსად, თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა.  თუკი მასწავლებლებს მოუწევთ, დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.Online.emis.ge.

შეკითხვაზე, მსგავსი არჩევანის საშუალება ექნებათ თუ არა პედაგოგებს, მაგალითად, მათი ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით აირჩიონ, დისტანციურად ასწავლიან თუ კლასში დასწრებით მოსწავლეებს,  სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს, როგორც კლასის, ისე სკოლის დონეზეც. უფრო კონკრეტულად კი, თუკი პედაგოგებისა და მშობლების 60% მიიჩნევს, რომ სწავლა ონლაინ უნდა გაგრძელდეს, მაშინ ასეც მოხდება.