სკოლა და შეზღუდვები | რას მოითხოვენ მშობლები

სალომე გორგოძე

„მშობლები ვითხოვთ გეგმას“, – კვირას „მზიურის“ პარკში მშობლების აქცია დაიგეგმა, რომლის მიზანიცაა, ხმამაღლა ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რაც ონლაინსწავლების პირობებში შეექმნათ.

მშობლები მოითხოვენ, მთავრობამ წარმოადგინოს თანმიმდევრული გეგმა, რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა მათ შვილებს.

„მთავარი პრობლემა, რის გამოც გადავწყვიტეთ, რომ ხმა ამოგვეღო, იყო ის, რომ ბავშვის პრობლემები თითქოს არავის არ ადარდებს. მთავრობამ, პრაქტიკულად, თავიდან აირიდა ეს პრობლემა იმით, რომ უბრალოდ დაკეტა სკოლები. დაკეტვის მიღმა რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ ოჯახები ან მათ მიმართ რა ტიპის  მხარდამჭერი პოლიტიკა არის ქვეყანაში გასატარებელი, ამაზე არავინ არ საუბრობს. აქციას აქვს ერთადერთი მიზანი, ხმამაღლა ვთქვათ, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ“, – ამბობს ანა წურწუმია, მშობელი, რომელიც დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ანა წურწუმია „პუბლიკასთან“ საუბრისას იმ სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა წინაშეც ოჯახები სკოლების დაკეტვის შემდეგ აღმოჩნდნენ.

მისი თქმით, მშობლებს გააზრებული აქვთ რა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული რისკები, მათი მოთხოვნა უახლოეს დღეებში უპირობოდ სკოლების გახსნა არაა. მათთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები, რაც წარმოაჩენს, რომ განათლება ქვეყანაში პრიორიტეტულია.

„ჩემი შვილი არის პირველკლასელი. სკოლაში, შეიძლება ითქვას, რომ სულ რამდენიმე დღე მოუწია მისვლა. თავად ონლაინგანათლების იდეაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ძალიან დიდი სირთულეებია ამ მიმართულებით. შესაძლოა, რაღაც კუთხით, დასწავლის მიმართულებით ონლაინსწავლება იყო გამოსავალი, მაგრამ ბავშვების სოციალიზაციის, სოციალური უნარების განვითარების, მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების მხრივ, გამოსავალი საერთოდ არ შემოუთავაზებია მთავრობას”.

ანა წურწუმია ამბობს, რომ დასაქმებულ მშობლებს, რომლებმაც პანდემიის პირობებში სამუშაოს შენარჩუნება მოახერხეს და სახლიდან განაგრძობენ მუშაობას, ერთი მხრივ, უწევთ ორგანიზება გაუწიონ ბავშვების სწავლის პროცესს, მეორე მხრივ კი, სჭირდებათ უნარ-ჩვევები საიმისოდ, რომ გაკვეთილების მიღმა თავადვე შეითავსონ მასწავლებლის ფუნქცია და ბავშვს სწავლასა და განვითარებაში დაეხმარონ.

მისი შეფასებით, მთავრობის არათანმიმდევრული პოლიტიკის მაგალითია ისიც, რომ ყოველ ჯერზე, სკოლების დახურვის შესახებ მშობლებმა  შეიტყვეს წინა დღით ან იმავე დღეს. ეს კი  რთულ მდგომარეობაში აყენებს მშობელს, რომ დაგეგმოს, თუ როგორ გაუმკლავდება შექმნილ ვითარებას.

ამასთანავე, მშობელი პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ მთავრობას არ გაუთვალისწინებია ოჯახებში არსებული განსხვავებული ვითარება – ის, რომ სკოლების დახურვა უფრო მეტად ართულებდა მდგომარეობას  იმ ოჯახებისთვის, სადაც ორი ან მეტი ბავშვია და საკმარისი ტექნიკური რესურსი არ გააჩნიათ, ან – სადაც მშობლები სახლიდან მუშაობას ვერ ახერხებენ, ძიძის დაქირავება კი მათთვის დამატებით ფინანსური ტვირთია, რასაც შესაძლოა, ვერც გაუმკლავდნენ.

„სკოლების დახურვა იყო საჭირო, მაგრამ დახურვას უნდა მოჰყოლოდა ოჯახისა და სკოლის მხარდამჭერი პროგრამები, 10 თვის შემდეგ მაინც. გუშინ ვეცადე, რომ ის იაფი ინტერნეტი გამეააქტიურებინა, თუმცა დღემდე ვერ შევძელი. ჩვენ, უბრალოდ, ვიმეტებთ იმ ბავშვებს, რომლის მშობლებსაც არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, რომ სწავლაში დაეხმარონ და სხვა საქმეებშიც, მაშინ, როდესაც უამრავი ბავშვისთვის სკოლა და ბაღი იყო სოციალიზაციისა და სოციალური უნარების განვითარების ერთადერთი საშუალება”.

ანა წურწუმიას შვილი კერძო სკოლის მოსწავლეა, ამიტომ ის ყურადღებას ამახვილებს იმ მძიმე მდგომარეობაზეც, რომელშიც პანდემიის პირობებში კერძო სკოლები და ბაღები აღმოჩნდნენ.

„სახელმწიფომ მთლიანად მშობლებს დააკისრა ტვირთი, მიიღებენ თუ არა ანაზღაურებას კერძო ბაღებისა და სკოლების პედაგოგები“, – ამბობს ანა და თავისი გამოცდილების გათვალისწინებით გვიყვება, რომ თუკი მშობელი არ გადაიხდის სწავლის ქირას, ეს აისახება მასწავლებლის ხელფასზე, რაც დიდი მორალური ტვირთია მშობლისთვისაც.

გარდა ამისა, პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ, როცა სკოლები გახსნილი იყო, პედაგოგებს არ ჰქონდათ არჩევანი, ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ეხელმძღვანელათ, ივლიდნენ თუ არა სკოლაში.

„არჩევანი არის ის, რაც გვჭირდება პედაგოგებსაც და მშობლებსაც, რომ მე თავად განვსაზღვრო რისკი, გავითვალისწინო ჩემი ოჯახის მდგომარეობა, იმ თვალსაზრისით, რომ, თუ მყავს ოჯახში ქრონიკული დაავადების მქონე პირი ან მოხუცი, რა თქმა უნდა, რაციონალურად ვიაზროვნებ და ჩემს შვილს არ გავუშვებ ბაღში ან სკოლაში. ეს არჩევანი მშობელს უნდა ჰქონდეს, თუმცა არ გვაქვს, “- ამბობს ანა წურწუმია.

განათლების საკითხების მკვლევარი, რეზო აფხაზავა „პუბლიკას“ ეუბნება, რომ პანდემიის პირობებში განათლების სამინისტროს ქმედებები იყო და არის არათანმიმდევრული.

მისი თქმით, არ არსებობს პანდემიის პირობებში განათლების მართვის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნებოდა და განსაზღვრავდა გარკვეულ სცენარებს, თუ ვირუსის გავრცელების სხვადასხვა მაჩვენებლის შემთხვევაში როგორ მოიქცეოდა სახელმწიფო, როგორ მოხდებოდა განათლების სისტემის მართვა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ზოგადი განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები ამ პროცესის დაგეგმვაში არ არიან ჩართულები და გადაწყვეტილებას მექანიკურად იღებენ ეპიდემიოლოგები. როგორც ჩანს, სამინისტრო სათქმელს ვერ ამბობს თავისი მიმართულებით. ეს დამოკიდებულება ნათლად წარმოაჩენს, რომ გადაწყვეტილებას იღებენ ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან სკოლა და სკოლის მუშაობის სპეციფიკა“, – ამბობს რეზო აფხაზავა.

მისივე შეფასებით, მაშინ, როდესაც სკოლების დახურვა უნდა იყოს მთავრობის ყველაზე ბოლო და უკიდურესი გადაწყვეტილება, პირიქით ხდება, შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში სწორედ სკოლებისა და ბაღების დახურვით იწყება. ეს კი, მისი აზრით, უკიდურესად უარყოფითად აისახება როგორც სწავლა-სწავლების ხარისხის პროცესზე, ასევე ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და სოციალური უნარების განვითარებაზე.

„ეს იწვევს იმას, რომ  ბავშვებს ეზღუდებათ უფლება, მიიღონ ხარისხიანი განათლება. განსაკუთრებით სავალალოა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მქონე ბავშვების მდგომარეობა, იმიტომ, რომ მათ მშობლებს უწევთ მუშაობა, მაგრამ არ აქვთ საშუალება, დამატებითი ხარჯი გაიღონ შვილებისთვის მომვლელის დაქირავებაში.

ეს განსაკუთრებით ეხება დაწყებით, საბაზო და სკოლამდელ განათლებას, რომელშიც განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობაა. ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. ამას უახლოეს მომავალში ვიგრძნობთ და ძალიან სავალალო იქნება ჩვენი მოსწავლეებისთვის, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის. ახლა შესაძლოა ისეთ მდგომარეობაშიც აღმოვჩნდეთ, რომ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდოს, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი ჩამორჩენა შეიძლება ჰქონდეთ მოსწავლეებს ელემენტარულ არითმეტიკაში და ა.შ.“.

რეზო აფხაზავა პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ ქვეყანას არ გააჩნია განათლების სისტემაში ზიანის კომპენსირების კონკრეტული გეგმა. მისი შეფასებით, სამინისტრომ ვერ გაიაზრა განათლების სისტემის წინაშე არსებული პრობლემები; არ მომხდარა მასშტაბური შეფასება, თუ რეალურად რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, რაც გახდებოდა საფუძველი არსებული ზიანის კომპენსირების გეგმის შესადგენად.

განათლების საკითხები მკვლევარი ამბობს, რომ თანმიმდევრული პოლიტიკა არც მშობლების მხარდასაჭერად გატარებულა, ამიტომ მათი წუხილი და პროტესტი მართებული და ადეკვატურია.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 1 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება 1 მარტიდანაა დაგეგმილი. 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და თუ 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, განიხილება შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება.

სამინისტროში ამბობენ, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.

ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ინდიკატორია შეზღუდვების შემსუბუქებისთვის და გულისხმობს, თუ რამდენია ქვეყნის მასშტაბით ვირუსზე ტესტირებულებიდან დადებითი სტატუსის მქონე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, დადებითობის მაჩვენებელი 3% მაინც უნდა იყოს, რომ სკოლების გახსნაზე დაიწყონ საუბარი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის  განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია შეინიშნება, კერძოდ, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 6.1%-ია. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი ქვეყანაში ნოემბრის ბოლოს 30%-საც აღემატებოდა.