მნიშვნელოვანია მინიმალური ხელფასისა და უმუშევრობის დაზღვევის შემოღება – ომბუდსმენობის კანდიდატი

პუბლიკა

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა განახლდა. დღეს კომიტეტის წევრებმა ერთ-ერთ კანდიდატს, სერგო მახარაძეს მოუსმინეს. მან სხვადასხვა საკითხთან ერთად ყურადღება გაამახვილა მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მნიშვნელობაზე, უმუშევრობის დაზღვევასა და კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მნიშვნელობაზე.

„მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საქსტატის მონაცემების მიხედვით. დღეს მოქმედებს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც მინიმალურ ხელფასს განსაზღვრავს 20 ლარის ოდენობით.

ასევე, როგორც აღვნიშნე, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია უმუშევრობის დაზღვევის შემოღება, რაც ხელს შეუწყობს მდგომარეობის გაუმჯობესებას.

და რადგან შრომის კოდექსს შევეხეთ, გამოსასწორებელია ვითარება, რომელიც შეეხება სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებულ მანდილოსნებს.

კერძო სექტორის შემთხვევაში, მხოლოდ 1000-ლარიანი სახელმწიფო დახმარების შემყურე არიან მანდილოსნები, ხოლო სახელმწიფო სექტორში დეკრეტულ შვებულებაში გასვლის შემთხვევაში ისინი სრული მოცულობით 6 თვით იღებენ იმ ხელფასს, რაც მათ აქვთ”, – განაცხადა მახარაძემ.