მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს - პრეზიდენტი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ დროებითი ღონისძიების გატარებაზე სტრასბურგის სასამართლოს უარს ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება, მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით რეპუტაციული ზიანი არ მიადგა სახელმწიფოს.

„მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ დღეს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეში დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. ბრეგაძის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა და სახელმწიფოს სააკაშვილის სხვა ქვეყანაში ან სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა არ დაავალა.