მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციაზე კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნოს - ჰერჩინსკი

პუბლიკა

„ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნოს. ვენეციის კომისიას შეუძლია საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება და ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელზეც საქართველოსგან წინსვლას ელოდებიან. ეს არ არის მარტივი რეკომენდაცია. ჩვენ ვიცით, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მომზადებულმა კანონპროექტმა პარლამენტში მეორე მოსმენა გაიარა. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, ვენეციის კომისიას შეუძლია საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება და ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული“, – განაცხადა ელჩმა.

23 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მისმა კაბინეტმა წერილობით მიმართა ვენეციის კომისიას იმის გასაგებად, რა სტატუსი აქვს უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონს.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ კანონის განხილვაზე ოფიციალურად უარი არავის უთქვამს და აშშ-ის ელჩმა დამაბნეველი განცხადება გააკეთა.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ „კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, შემდგომ უკან გამოიწვიეს და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება“.