საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „საკუთარ განცხადებას კვლავ მხარს უჭერს“, თუმცა შეხვედრის დეტალებზე საუბსრისგან თავი შეიკავა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა თეა წულუკიანმაც.
მან აღნიშნა, რომ ჰარცელის გუშინდელი განცხადება მისი პირადი აზრია და არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას.
„კარლ ჰარცელთან შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. შეხვედრისას გაირკვა, რომ ჩემთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება არის მისი პირადი პოზიცია და პირადი აზრი, რაც ნიშნავს, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის. ბატონმა ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი პოზიცია მისი პირადი აზრია. ადამიანს აქვს პირადი პოზიცია და არ არის მნიშვნელოვანი, პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს – ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
გუშინ კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ თეა წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება „უსიამოვნო სიურპრიზი იყო“ და წულუკიანის საქციელს „არაეთიკური“ უწოდა.
თეა წულუკიანმა კი მოგვიანებით განაცხადა, რომ საკუთარი განცხადების განსახილველად ელჩთან შეხვედრას ისურვებდა.