„ჩემს განცხადებას მხარს ვუჭერ“ - ჰარცელი ნომრის გასაჯაროების საკითხზე წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „საკუთარ განცხადებას კვლავ მხარს უჭერს“, თუმცა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„მივესალმები შეხვედრას, რადგან, ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია მოლაპარაკებების გამართვა. ვიცით, რომ ის არ იყო მოხარული ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებით. ჩვენ გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა“, – განაცხადა ჰარცელმა.

მისივე თქმით, ეს საკითხი ეხება ტონალობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ის, თუ როგორ ხდება ამის წარმოჩენა მედიაში.

„არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური დისკუსია. შეხვედრის შესახებ მეტს არაფერს ვიტყვი. დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, როგორ წარიმართება დისკუსია“, – განაცხადა ჰარცელმა.


გუშინ კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ თეა წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება „უსიამოვნო სიურპრიზი იყო“ და წულუკიანის საქციელს „არაეთიკური“ უწოდა.

თეა წულუკიანმა კი მოგვიანებით განაცხადა, რომ საკუთარი განცხადების განსახილველად ელჩთან შეხვედრას ისურვებდა.